Site icon Civil.ge

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს

წარწერა საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციის კედელზე, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/civil.ge

საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მსოფლიო პატრიარქის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხილვას არ ჩქარობს.

საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის სინოდმა ბოლო სხდომა 27 დეკემბერს გამართა, სადაც სინოდის წევრებმა სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ეკლესიის საკითხიც განიხილეს, თუმცა გადაწვეტილება არ მიუღიათ.

წმინდა სინოდის მიერ გამოქვეყნებულ განჩინებაში ნათქვამია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II -მ 27 დეკემბრის სხდომაზე უკრაინაში შექმნილი რთული საეკლესიო ვითარების შესახებ ისაუბრა და „გულისტკივილი გამოთქვა კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის არსებული დაძაბული მდგომარეობის გამო“. პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ, მართალია, „კრიზისი ამ ეტაპზე გაღრმავებულია“, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ „ღვთის შეწევნით, პრობლემები გადაილახება და ეკლესიებს შორის ძმური ერთობა აღდგება“.

წმინდა სინოდი აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას შემდგომ სინოდის სხდომაზე გეგმავს, რომელიც სავარაუდოდ გაზაფხულზე გაიმართება.

პატრიარქის მოსაყდრის, მოტროპოლიტ შიო მუჯირის განცხადებით, უკრაინის ეკლესიასთან მიმართებით საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია საკუთარ პოზიციას მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოს I-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების – ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ მიიღებს.

„სინოდმა გამოთქვა თავის პოზიცია. გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ აუცილებლად, რა თქმა უნდა, იქნება [გადაწყვეტილება]. ჯერ ვერ მოგახსენებთ ეს როდის იქნება“, – განაცხადა 6 იანვარს შიო მუჯირმა.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, ეკლესია საკითხზე პოზიციას მსჯელობის გარეშე ვერ გამოხატავს. მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დიპტიქსში მე-9 ადგილი უკავია და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ჯერ ნაადრევია.

„როგორ შეიძლება ჩვენ პირველებმა გამოვთქვათ აზრი ამის შესახებ. ეს უბრალოდ უზრდელობა იქნება, რომ ჩვენ გადავახტეთ რომელიმე ეკლესიას… წესი არსებობს ეკლესიაში ასეთი – უფროს-უმცროსობის“, – განუცხადა ჟურნალისტებს 7 იანვარს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

პოლიტიკური გამოხმაურება

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ საკუთარი პოზიცია მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ამ საკითხზე „გვექნება ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან საუბარი, ასევე, გვექნება, ბუნებრივია, საპატრიარქოსთან საუბარი, პატრიარქთან საუბარი და ამის საფუძველზე გახმოვანდება ჩვენი გზავნილები“.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, ხელისუფლება საპატრიარქოს პოზიციას ელოდება.

„ველოდებით ეკლესიის პოზიციას, არ შეიძლება, რომ მე მაგალითად დღეს თქვენ წინაშე გავაკეთო რაღაც კომენტარები ამ საკითხზე, ვიდრე არ გააკეთებს მართმადიდებლური ეკლესია ამასთან დაკავშირებით, ელოდებიან სინოდს და ისინი დააფიქსირებენ თავის პოზიციას, ამიტომ ამაზე მე მგონია ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა არის ხელოვნური“, – განაცხადა მან.

პარტია ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს მთავრობის „მორიგ სირცხვილად“ აფასებს იმას, რომ მათ უკრაინელი ხალხისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ჯერ არ მიულოცავთ.

„არა აქვს ამას გამართლება, სულ რომ “კორექტულობას” იცავდე, შიდაეკლესიურ მოვლენად მიგაჩნდეს და ჩვენი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას ელოდებოდე. ეს უბრალოდ პოლიტიკური სიბეცე და სირცხვილია“, – წერს უგულავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით კი, ეს არის „მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენა, რომელსაც გავლენა აქვს და ექნება რეგიონზე და ჩვენს ქვეყანაზე“.

„ამ ჭრილში სასიცოცხლოა… საქართველოს მართმადიდებლურმა ეკლესიამ აღიაროს უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა და დადგეს უკრაინელი ხალხის მხარეს, სწორ მხარეს, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ ასევე საგანგაშოა, როცა საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ გამოუხატავს მხარდაჭერა და არ მიულოცია უკრაინელი ხალხისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა“,- განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)