მმართველ გუნდში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია და რამდენიმე პარლამენტარი პარტიის საპარალამენტო ხელმძღვანელობას, მათ შორის პარლამენტის სპიკერს ირაკლი კობახიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი სადავო 10 კაციანი სიის ლობირებაში ადანაშაულებს.
საკითხის გარშემო გუნდში არსებული უთანხმოების გამო, ეკა ბესელიამ და ვანო ზარდიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და პირველი მოადგილის პოსტებიც დატოვეს. ამის შემდეგ კომიტეტის პირველი მოადგილის პოსტზე დეპუტატი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა ის ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით სულ რამდენიმე დღეში კომიტეტიდან გაიწვიეს.
ეკა ბესელია იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების 10 კაციანი სიის წინააღმდეგ აქტიურად საუბრობს და აცხადებს, რომ მათი ნაწილი „სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდა“. ის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების სიის უკან გაწვევასა და მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის რეფორმირებას ითხოვს.
„უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეები თუ კი არ შეირჩევა იმ პრინციპით, რომ ყველა ეს ადამიანი, ვინც კი იქნება მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ არ იქნება დამოუკიდებლობის, პროფესიული, კვალიფიციური და სანდოობის ნიშნით შერჩეული და თუ პარლამენტი და ჩვენი პოლიტიკური გუნდი მხარს დაუჭერს იმ მოსამართლეებს, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის და ადეიშვილის ძალადობრივ რეჟიმს, ჩემი ადგილი არ იქნება ამ ადამიანების გვერდით“, – განაცხადა ტელეკომპანია TV პირველის ეთერში 7 იანვარს ეკა ბესელიამ.
„ამ ქვეყნის მომავალი როგორი იქნება დამოკიდებულია, ქვეყნის მართმსაჯულების ბოლო ინსტანცია როგორ დაკომპლექტდება და უვადოდ ვის გავამწესებთ ჩვენ მოსამართლეებად, სააკაშვილის დროინდელ იმ მოსამართლეებს, რომლებიც იყვნენ იმ რეჟიმის ნაწილი და ასრულებდნენ იმ დავალებას რაც იყო მაშინ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკით განსაზღვრული თუ შევარჩევთ მოსამართლეებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული იმ უმძიმეს წარსულთან, რომელმაც გადაიარა ჩვენი მოქალაქეების ბედზე“, – აღნიშნა დეპუტატმა 8 იანვარს ტელეკომპანია მაესტროსთან საუბარში.
განსხვავებული პოზიცია აქვს ქართული ოცნების დეპუტატების მეორე ნაწილს. მათ შორის არიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე, ასევე დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი და კახა კუჭავა.
8 იანვარს მედიასთან საუბარში მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ მოსამართლეთა კანდიდატურების სიის წარდგენა და უკან გახმობა პარლამენტის უფლებამოსილებაში არ შედის, თუმცა მისივე განმარტებით, კანდიდატების შერჩევის პროცესთან მიმართებით პროცედურაზე და კრიტერიუმებზე მსჯელობა შესაძლებელია.
დეპუტატის თქმით, თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოდგენილი კანდიდატების სიას არ შეცვლის, პარლამენტს უკვე არსებული კანდიდატებზე ინდივიდუალური მსჯელობა მოუწევს.
საკითხთან მიმართებით კომენტარი პარლამეტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც გააკეთა და ყურადღება გუნდური თამაშის წესების დაცვაზე გაამახვილა.
„მზად ვართ დისკუსიისთვის, იმისათვის, რომ გადაიჭრას პრობლემები. მთავარია, რომ გუნდურობის პრინციპი იყოს დაცული. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს პრინციპი სხვადასხვა დეპუტატის მიერ შარშან ამ დროსაც არაერთგზის იყო დარღვეული. თუმცა, მაშინ მოვახერხეთ პრობლემის გადაჭრა. დღესაც ვხედავთ, რომ ირღვევა გარკვეული წესები, გუნდურობის პრინციპები, თუმცა ვფიქრობ, რომ აქაც შევძლებთ ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებას“, – განაცხადა მან.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეკა ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლა მოსამართლეობის კანდიდატების სიას არ უკავშირდება და რომ მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2018 წლის აგვისტოში იყო მიღებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)