სოჭის კონფლიქტი წარმოადგენდა 1918-19 წლებში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკურ კონფლიქტს ტუაფსესა და მდინარე ბზიფს შორის მოქცეული შავიზღვისპირა ტერიტორიის დაუფლებაზე, რომელზეც პრეტენზიას აცხადებდა ერთი მხრივ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მეორე მხრივ – ბოლშევიკები და მესამე მხრივ, – გენერალ დენიკინის თეთრები. 1918 წლიდან 1919 წლის დასაწყისამდე სოჭს საქართველო აკონტროლებდა.დენიკინი მიიჩნევდა, რომ საზღვარს ბზიფზე უნდა გაევლო. საბოლოოდ, კონფლიქტი 1919 წელს ბრიტანელების ჩარევით დასრულდა და საზღვარმა მდინარე ფსოუზე გაიარა – სოჭი და ტუაფსე რუსებს დარჩათ, ხოლო ტერიტორია ბზიფამდე, რაც გაგრასაც მოიცავდა, საქართველოს.
1919 წლის დასაწყისიდანვე, დენიკინის ჯარები იწყებენ მოქმედებას სოჭის დასაკავებლად. ადგილობრივი პრო-ქართული ძალები დახმარებისათვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას მიმართავენ. ნახეთ სოჭელთა დეპეშა საქართველოს მთავრობისადმი:
„საქართველოს რესპუბლიკა“, N6, 10 იანვარი, 1919 წ.
დენიკინის ჯარი სოჭის ოლქში
ტფილისი, 8 იანვარი. მთავრობის თავმჯდომარის სახელზე მთავრობის საგანგებო რწმუნებულისაგან მიღებულია შემდეგი დეპეშა:
სოჭა, 6 იანვარი. დღეს მე გადმომცეს ქალაქ სოჭის საზოგადოებრივ-დემოკრატიულ ორგანიზაციების 1919 წლის 5 იანვარს საერთო სხდომაზე მიღებული რეზოლუცია.
გაცნობებთ რეზოლუციის სრულ ტექსტს: „დემოკრატიულ ორგანიზაციების საერთო კრებამ განიხილა რა სოჭის ოლქში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა, დაადგინა:
- „ეცნობოს საქართველოს მთავრობას და ინგლისელთა მისიას ტფილისში და ბათუმში, რომ მიუხედავათ მათი კატეგორიული განცხადებისა მოხალისეთა არმიის ნაწილი შემოიჭრა სოჭის ოლქის საზღვრებში და დემოკრატიას ავიწროებს;
- ეთხოვოს საქართველოს მთავრობას ყოველგვარი ზომა იხმაროს რათა მოკავშირეთაგან ნამდვილი და მტკიცე გარანტია მიიღოს, სოჩის ფრონტის ლიკვიდაციის მოსახდენათ, ვინაიდან იგი მცხოვრებთა მშვიდობიან-კულტურულ მუშაობას ხელს უშლის, და მუდმივ წარმოადგენს საფრთხეს სოჩის დემოკრატიისათვის.
- სხდომა განსაკუთრებით მოითხოვს დაუყოვნებლივ გაძევებულ იქმნას მოხალისეთა არმის სოჭის ოლქის საზღვრებიდან და მიღებულ იქმნას ზომები, რათა მომავალში არ განმეორდეს ასეთი შემოჭრა.
- ქართველთა ჯარი შესაძლებელია გაყვანილ იქნას სოჭის საზღვრებიდან იმ შემთხვევაში თუ დასტოვებენ დასახელებულ ადგილებში საკმაო ძალას არსებულ წესრიგის დასაცავად მცხოვრებთა გარეშე რეაქციონურ ძალებისაგან უზრუნველსაყოფად.
- ქართველმა დემოკრატიამ თავისი მთავრობის სახით იხსნა ოლქი ორგვარი ხიფათისაგან: ანარქიისა და სამხედრო დიქტატურისაგან. ენერგიული ღონისძიებით ქალაქის შინაური ცხოვრება ჩააყენა საზოგადოებრივ წესიერების, ჭეშმარიტ დემოკრატიზმის და სახალხო მართველობის კალაპოტში.
საზოგადოებრივ დმეოკრატიულ ორგანიზაციების საერთო სხდომა საჭიროთ სთვლის, რომ საქართველოს მთავრობამ მომავალშიც ხელმძღვანელობა გაუწიოს საოჭის ოლქის შინაურ ცხოვრებას. ვიდრე ეს საკითხი, მთელ რუსეთის კითხვასთან ერთად, საბოლოოთ არ გადაწყდება საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციაზე.
ხელს აწერენ: სოჭის ოლქის მუშათა კავშირის გამგეობა, სოჭის ოლქის გლეხთა საბჭოს საოლქო კომიტეტი, სოჭის ქალაქის თვითმართველობის სოციალისტური ბლოკი, სოჭის ს.-დემოკრატიული კომიტეტი, სოციალისტ-რევოლიუციონერთა კომიტეტი, საოლქო საერობო კომიტეტი“.