Site icon Civil.ge

რამდენიმე მღვდელმთავარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ პოზიციას აფიქსირებს

ჭყონდიდის მიტრპოლიტი პეტრე ცაავა, ასევე ფოთისა და ხობის ეპარქიის წინამძღვარი, მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას დადებითად აფასებენ და საქართველოს მხრიდან ამ ფაქტის აღიარებას უჭერენ მხარს.

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ საკუთარი პოზიცია 13 იანვარს სოციალი ქსელის საშუალებით დააფიქსირა შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოსებ კიკვაძემაც და უკრაინას ტომოსის მიღება მიულოცა.

„უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია იყოს, რამეთუ იგი საუკუნეებია იბრძოდა მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია, აგრეთვე მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს“, – აცხადებს მიტროპოლიტი იოსები.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა 14 იანვარს ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „სიფრთხილეა საჭირო“, მაგრამ არასწორია, რომ საქართველო საკუთარ პოზიციას ჯერ არ აფიქსირებს.

„არანაირი წონადობა არ აქვს იმ არგუმენტებს, რომ ჩვენ არ დავდგეთ სიმართლის მხარეს და 50 მილიონიან ქვეყანას, რომელმაც ათასწლეულები იბრძოლა, რომ ჰქონოდა დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესია და მიაღწია ამას, რომ არ მივულოცოთ და მათი სიხარული არ გავიზიაროთ“, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ.

მისივე თქმით, რა დოზით ერევა რუსეთი საპატრიარქოს მიერ გადაწყვეტილების მიღებაში, ვერ იტყვის, თუმცა აცხადებს, რომ საპატრიარქოშიც ზოგს მიაჩნია, რომ მეტი სიფრთხილეა საჭირო, ოკუპირებული აფხაზეთის საკითხის და მისი ეკლესიის გამო.

„მთავარია, რომ საბოლოო ჯამში სიმართლე იზეიმებს და ჩვენ უსამართლობის მხარეს ვერ დავდგებით, გამორიცხულია, არ არსებობს“, – განაცხადა მან.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა 13 იანვარს საკვირაო ქადაგების დროს აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დამოუკიდებელი ეკლესიის არსებობა არ არის მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მოვლენა და საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინელი კოლეგებისა და ხალხისთვის მილოცვისგან „თავის შეკავება“, „ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას“.

„ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვისმენთ მოსაზრებას, რომ ეკლესიასთან ერთად იმსჯელებენ ამ საკითხზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ან ვერ აცნობიერებენ საკუთარ ვალდებულებებს კოლეგებისა და მეგობარი სახელმწიფოს მიმართ, ან შეცდომაში არიან შეყვანილნი მცდარად გაგებული რელიგიურობით“, – ნათქვამია ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტის ქადაგებაში.

მისივე მოსაზრებით, დადგა დრო, რომ „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საეკლესიო საკითხების ირგვლივ ეკლესიის ეპისკოპატში თემატური ჯგუფები ჩამოყალიბდეს, რომელიც ღიად და საჯაროდ დაიცავს პოზიციებს იმ თემებთან მიმართებით, რომელთა ირგვლივაც მოხდება დიდი გაერთიანება.

„უკრაინაში მიმდინარე პროცესები არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქმნის იმ ძალების გაერთიანებისთვის, ვისაც საქართველოს მომავალი ცივილიზებული კაცობრიობის ორბიტაზე წარმოუდგენია, და იმ ძალთა გასამჟღავნებლად, ვისაც წარსულში დაბრუნების დაუოკებელი ნოსტალგია აწუხებს“, – ნათქვამია ქადაგებაში.

გარდა ამისა, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების მიმართ საჯარო მხარდაჭერა კიდევ რამდენიმე მღვდელმთავარმა გამოხატა. ესენი არიან: ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი, წილკნის და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი, ცურტაველი მიტროპოლიტი, ვახტანგ ახვლედიანი, ბელგიის და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსი დოსითეოს ბოგვერაძე, ჩრდილოეთ ამერიკაში ქართული ეპარქიის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი და დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული.

საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის სინოდმა ბოლო სხდომა 27 დეკემბერს გამართა, სადაც სინოდის წევრებმა სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხიც განიხილეს, თუმცა გადაწვეტილება არ მიუღიათ. მოგვიანებით კი, განჩინება გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ ამ საკითხს სინოდი შემდგომ სხდომაზე განიხილავს.

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ საკუთარი პოზიციების დაფიქსირებისგან თავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც იკავებენ და სინოდის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი 5 იანვარს მოაწერა. პატრიარქის მოსაყდრის, მოტროპოლიტ შიო მუჯირის განცხადებით, ეკლესია საკუთარ პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)