Site icon Civil.ge

ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის სატრანსპორტო საინვესტიციო გეგმა მოამზადა

პრიორიტეტული პროექტები საქართველოში, TEN-T საინვესტიციო გეგმა. ფოტო: ec.europa.eu

ევროკომისიამ 15 იანვარს საინვესტიციო სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

დოკუმენტი სახელწოდებით „ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა“ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მთავრობებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მომზადდა.

გეგმა მიზნად ისახავს ეკონომიკური ზრდის წახალისებას და 2030 წლისთვის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ფარგლებში სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას.

ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი (TEN-T) ევროკომისიის პოლიტიკაა, რომელიც გზების, სარკინიგზო ხაზების, საწყალოსნო გზების, საზღვაო მარშრუტების, პორტების, აეროპორტების და სარკინიგზო-საგზაო ტერმინალების ევროპული ქსელის შექმნას და განვითარებას ისახავს მიზნად.

სატრანსპორტო კავშირის გაზრდა, მათ შორის TEN-T ქსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩართვის გზით, ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელსაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისათვის“ დოკუმენტი ითვალისწინებს.

საინვესტიციო გეგმა პრიორიტეტულ პროექტებს განსაზღვრავს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის და რეაბილიტაციის სფეროში, რომელთა ნაწილიც უკვე ხორციელდება, მეორე ნაწილისთვის კი პროექტის მომზადებაა საჭირო 2030 წლისთვის მათი წარმატებული განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.

პროექტების საერთო ღირებულება 12.8 მილიარდი ევროა. საინვესტიციო გეგმის თანახმად, ამ პროექტების განხორციელებას „კერძო და სახელმწიფო სახსრების მობილიზება, მაღალი ხარისხის პროექტების მომზადება და მათი სწრაფი განხორციელება დასჭირდება“.

საინვესტიციო გეგმის თანახმად, საქართველოში იდენტიფიცირებულია 18 პრიორიტეტული პროექტი (ჯამური ღირებულებით 3.4 მილიარდ ევრო), მათ შორის საგზაო, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის და ობიექტების განვითარება. აღნიშნული 18 პროექტიდან, 6 პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარეობს; 2020 წლამდე, დაგეგმილია დამატებით 2 პროექტის განხორციელება, ხოლო 2030 წლამდე – დამატებით 10 პროექტის განხორციელება.

აღმოსავლეთ პარტნიორობას 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ პარტნიორ ქვეყნებს (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) შორის პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)