Site icon Civil.ge

თბილისში გაზის აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს

თბილისში 16 იანვარს დიდი დიღმის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების საქმეზე, რასაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება მოყვა, „ყაზტრანსგაზის“ორი თანამშრომელია დაკავებული.

ორივე თანამშრომელს გამოძიება იმას ედავება, რომ მათ გაზის გაჟონვის ფაქტი ვერ გამოავლინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა შენობა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე შეამოწმეს მას შემდეგ, რაც ისინი კორპუსის მაცხოვრებლებმა გაზის სუნის გამო გამოიძახეს.

„ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ“, – განაცხადა შსს-მ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას განაგრძობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)