უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათი კანდიდატი, რომელთა საკითხის განხილვისაც საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე უნდა დაბრუნებოდა, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც პარლამენტს მიმართავენ „არაჯანსაღი სპეკულაციების“ აცილების მიზნით, მათი კანდიდატურების განხილვას „შემდგომი მსვლელობა არ მიეცეს“.
მოსამართლეების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ საკითხს პარლამენტში „არაჯანსაღი აჟიოტაჟი“ მოჰყვა, ასევე საზოგადოების წრეებში წარდგენილი მოსამართლეების მიმართ ადგილი ქონდა „არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს“, რაც, მოსამართლეების განცხადებით, „ხელოვნურად გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში“, კერძოდ კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლის და წარდგენილი მოსამართლეების სასამართლო სისტემიდან განდევნის მოთხოვნებში გამოიხატა.
„ყოველივე ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოსამართლეების განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტისთვის მათი კანდიდატურების წარდგინებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „მანდატის“ ფარგლებში იმოქმედა და არსებული კანონმდებლობით იხელმძღვანელა, მათ „არ სურთ“ გარკვეულმა პირებმა ეს ვითარება „თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის“ გამოიყენონ და „ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს“.
იმის გამო, რომ არსებული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების პარლამენტიდან უკან გამოწვევის პროცედურას, მოსამართლეები საკანონმდებლო ორგანოს მათი კანდიდატურების განხილვის პროცედურის შეჩერების თხოვნით მიმართავენ.
დღესვე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ აქცია გამართეს და “მანიფესტი – მართლმსაჯულების გადასარჩენად” სახელწოდების პეტიცია შექმნეს, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების, თბილისის სააპელაციო სასამარლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის და მოსამართლე ლევან მურუსიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.
პეტიციაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ფართო ჩართულობით უნდა შექმნას ისეთი რეგულაციები, პროცედურები და კრიტერიუმები, რომლებიც მოსამართლეებად საუკეთესო კანდიდატების შერჩევას უზრუნველყოფენ.
აქციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ პროტესტს კონკრეტული მოსამართლეების დევნით გამოხატავენ, რაც მიუღებელია.
26 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადაიდებოდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების საკითხი მმართველ გუნდში უთანხმოების საბაბი გახდა, რის გამოც 27 დეკემბერს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით გამოთქმული საჯარო კრიტიკის გამო ეკა ბესელია თანაპარტიელებმა, მათ შორის პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, გუნდურობის წესების დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)