პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც 21 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას სტუმრობს, თავის კოლეგას საულიუს სკვერნელისს და პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი განიხილა.
ბახტაძემ ლიეტუვას საქართველოს „უახლოესი მოკავშირე და მეგობარი“ უწოდა და განაცხადა თავის კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი სულ უფრო ძლიერი და ღრმა ხდება და რომ მათ შორის სავაჭრო ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება.
ბახტაძის თქმით, ორმა პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში ერთობლივი რეგიონული პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს, რაც ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალს ზრდას და ახალი ბაზრების კვლევას შეუწყობს ხელს. ბახტაძემ იმედი გამოთქვა, რომ ლიეტუვა საქართველოს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს ბიზნეს სტარტაპის განვითარებაზეც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეებმა რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და ანექსიაზე, ასევე ორ რეგიონში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებაზეც იმსჯელეს.
თავის მხრივ, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდა, რაც მას ევროკავშირის აღმოსავლელ პარტნიორებს შორის ლიდერად აქცევს.
„ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, მის მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ლიეტუვის მაგალითს მიყვეს და ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ ისწრაფვოდეს, შექმნას ღია, დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული აყვავებული სახელმწიფო“, – განაცხადა მან.
ვილნიუსში ბახტაძე ლიეტუვის პრეზიდენტსაც შეხვდა. გრიბაუსკაიტეს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მათ ორი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობებზე, ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობაზე და ბალტიის ზღვასა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)