Site icon Civil.ge

ნატოს გენერალური მდივანი: „საქართველო გამორჩეული პარტნიორია“

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა. ფოტო: NATO

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განუცხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 23 იანვარს, რომ საქართველო „ალიანსის გამორჩეული პარტნიორია“ და რომ ნატო-საქართველოს პარტნიორობა „სულ უფრო მჭიდრო ხდება“.

ზურაბიშვილი სტოლტენბერგს 23 იანვარს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნატოს გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს „მნიშვნელოვან წვლილს“ საერთო უსაფრთხოების საქმეში.

„თქვენ შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ხართ ნატოს ავღანეთის მისიაში. თქვენ ასევე შეგაქვთ წვლილი ნატოს რეაგირების ძალებში და მარტში ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნას უმასპინძლებთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ისინი შეთანხმდნენ, რომ განაგრძონ ერთობლივი მუშაობა საქართველოს ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად.

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გამოხატა ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, „რომელიც მოიცავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს“ და მოუწოდა რუსეთს, რომ „შეწყვიტოს ორივე რეგიონის აღიარება და გამოიყვანოს საკუთარი ძალები იქიდან“.

„ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან ჩვენ ყველას უფრო უსაფრთხოს გვხდის. და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას მაშინ, როდესაც საქართველო სულ უფრო უახლოვდება ნატოს წევრობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ბრიუსელში „კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირები ნატოსთან“ და რომ ეს ქართველი ხალხის არჩევანიცაა. „ეს საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება“, – განაცხადა მან.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ დაამტკიცა, რომ ის „ძალიან სანდო“ და „უნარიანი“ პარტნიორია ნატოსთვის.

„საქართველო ნამდვილად ცდილობს, რომ ნატოს სამაგალითო პარტნიორი იყოს; მხედველობაში ვიღებთ ჩვენი სამხედროების გაზრდილ პროფესიონალიზმს და მზადყოფნას… ასევე იმ ოპერაციების წყალობით, რომლებშიც წვლილი შეგვაქვს, რადგანაც ეს ორმხრივი გზაა: ჩვენ წვლილი შეგვაქვს…. თუმცა სანაცვლოდ ძალიან ბევრს ვიღებთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ბრიუსელში 21-23 იანვარს გამართული პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა რიგი შეხვედრები გამართა ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან. იგი შეხვდა ევროკომისარს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინის; ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსს; ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს. დღეს საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ანტონიო ტაიანის შეხვდა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები განიხილა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)