სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა (ICC) საქართველოს მთავრობას შორის განაჩენთა აღსრულების შესახებ შეთანხმება დაიდო. შეთანხმებას ხელი 24 იანვარს სასამართლოს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა – მოსამართლე რობერტ ფრემრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოაწერეს.
ICC-ის პრესსამსახურის მიერ 24 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმების საფუძველზე, სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ პირებს, საქართველოს მთავრობის თანხმობისა და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეუძლიათ, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი საქართველოში მოიხადონ.
ამავე ინფორმაციით, სასამართლოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი „რობერტ ფრემრი, მიესალმა საქართველოს მთავრობის მზადყოფნასა და მხარდაჭერას შეთანხმების ხელმოწერის საკითხზე“ და აღნიშნა, რომ „მონაწილე ქვეყნების აქტიური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ სასამართლომ შეძლოს საკუთარი მანდატის განხორციელება. რომის სტატუტით გათვალისწინებული სავალდებულო თანამშრომლობის გარდა, აუცილებელია ყველა მონაწილე სახელმწიფომ სასამართლოსთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობის ფორმებიც გამოძებნოს“.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „სასჯელების აღსრულების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა საქართველოს მხრიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაძლიერებისა და საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულებაში წვლილის შეტანის მკაფიო დადასტურებაა“.
ICC-ის პრესსამსახურის განმარტებით, ამჟამად, განაჩენთა აღსრულების შესახებ მსგავსი შეთანხმებები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და არგენტინის, ავსტრიის, ბელგიის, დანიის, ფინეთის, მალის, ნორვეგიის, სერბეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს შორის მოქმედებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)