ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ უმრავლესობის შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით 5 საათის განმავლობაში, პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მიმდინარეობდა, სასამართლოს სისტემის გაჯანსაღების შესახებ იმსჯელეს.
ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული ოცნების დეპუტატებმა განაცხადეს. მათი განმარტებით, დღევანდელი შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენა და დაკომპლექტების კრიტერიუმები იყო, რის გარშემოც ბოლო პერიოდში, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა.
შეხვედრას ის დეპუტატებიც ესწრებოდნენ, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10 კაციანი სიის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათ შორის იყო ეკა ბესელიაც, რომელმაც სიასთან დაკავშირებით გუნდში არსებული უთანხმოების გამო, 2018 წლის დეკემბერში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.
უმრავლესობის წევრების განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე პარტიის რომელიმე წევრის გარიცხვის საკითხი არ განხილულა და შეხვედრა ძირითადად სასამართლო სისტემის გაჯანსაღების საკითხზე მსჯელობას დაეთმო.
შეხვედრიდან გამოსული დეპუტატების განცხადებით, შეხვედრა კონსტრუქციულ ვითარებაში წარიმართა და პარტიის ლიდერს ძირითადად „მოდერატორის“ როლი ჰქონდა და ის მხოლოდ დამსწრე დეპუტატების მოსაზრებებს ისმენდა. უმრავლესობის წევრების განცხადებით, საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება პარტიის თითქმის ყველა წევრს მიეცა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, გუნდში არსებობს რესურსი, რომ სასამართლოსთან მიმართებით „პრინციპული შეთანხმებები“ იყოს მიღწეული.
„დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, პრაქტიკულად მთელი დრო დავუთმეთ სასამართლოსთან დაკავშირებულ მსჯელობას, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით გამოეთქვა და ვფიქრობ, რომ პროცესი უკვე უბრუნდება ნორმალურ სამუშაო კალაპოტს და ვფიქრობ არის რესურსი ძირითად პრინციპებზე შეთანხმების, რომლითაც ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების დროს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის გია ვოლსკით განმარტებით, დღევანდელი შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა, რადგან უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, რაც მისივე თქმით, ნორმალური პროცესია.
„ამ პროცესის ჯანსაღად წაყვანა და განვითარება არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი… არის საფრთხეები… ეს არის დესტაბილიზაცია, ეს არის ოპონენტების და ნაცების [ნაციონალური მოძრაობა] მონდომება, რომ რეალურად შეარყიონ სიტუაცია სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ „არსებითია გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მივიღოთ კრიტერიუმებთან დაკავშირებით და რომლებიც უნდა მივიღოთ პოლიტიკურ ჭრილში, თუ რა სჭირდება ქვეყანას სტაბილურობისთვის“.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამაც ისაუბრა. მისი თქმით, ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებთან მიმართებით „პოზიციას არ იცვლის“ და ამის თაობაზე საკუთარი დამოკიდებულება დღევანდელ შეხვედრაზეც დააფიქსირა. მანვე ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასა.
„კარგი შეხვედრა იყო. თავად პარტიის ლიდერს აქვს სწორი პოზიცია, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორი პოზიცია პროცესთან დაკავშირებით. ის, რომ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, რაღაცებში დავეთანხმოთ, რაღაცები შეიძლება განსხვავებულად დავინახოთ, მაგრამ თქვა, რომ გავაგრძელოთ [მსჯელობა] იქამდე, ვიდრე საბოლოოდ არ შევთანხმდებით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ „დღეს უკვე შესაძლებლობა გაჩნდა, რომ მოვნახოთ საერთო გადაწყვეტის გზა და შევჯერდეთ პრინციპებზე, რას ვაკეთებთ მეორე ეტაპზე“.
ეკა ბესელიას განმარტებით, მას სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით პროექტი აქვს შემუშავებული და იმედოვნებს, რომ კოლეგებისთვის მისი გაზიარების შესაძლებლობა მიეცემა.
„მე იმედი მაქვს, რომ ამ ფორმატში შესაძლებელი იქნება ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. თუ ეს ვერ მოხერხდება არავის აქვს ექსკლუზიური უფლება ამ პროცესზე, ყველას შეუძლია გახსნას რაღაც ფორმატი, მონახოს ფორმა ესაუბროს ერთმანეთს“, – განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ სასურველია „პროცესი საჯარო იყოს“ და მასში ჩართვის საშუალება ყველას მიეცეს.
რაც შეეხება მმართველი გუნდიდან მის შესაძლო გარიცხვას ან პარტიის რიგების დატოვებას, ბესელიას განმარტებით, „კითხვები წასვლაზე, მოსვლაზე, საერთოდ არ დასმულა ეს საკითხები და მე გთხოვთ, ასე ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს“.
შეხვედრის შემდეგ, იგივე პოზიცია დააფიქსირა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმაც, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ მოსამართლეთა კანდიდატურების სიას.
„ჩვენ ვთქვით, რომ ის სია იყო კატეგორიულად მიუღებელი… ჩვენ მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს წევრები არ უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც ემსახურებოდა სააკაშვილი-ადეიშვილის რეჟიმს“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა პოლიტიკური ხასიათის იყო და სასამართლოს დაკომპლექტების კრიტერიუმებზე მსჯელობას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.
უმრავლესობის დღევანდელი შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა. დეპუტატების განცხადებით, იმავე ფორმატში შეხვედრა 25 იანვარსაც გაიმართება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა იმ დეპუტატებსაც შეეძლებათ, ვინც ეს დღევანდელ შეხვედრაზე ვერ შეძლო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)