პარტია ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია სამართალდამცველ უწყებებს მიმართავს და მის მიმართს განხორციელებული „მორალური ტერორის“ უკან მდგარი პირების უმოკლეს ვადაში გამოვლენას სთხოვს.
ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ბესელიას თქმით, მის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მედიისა და სოციალური ქსელების გამოყენებით მის წინააღმდეგ „ახალი, მიზანმიმართული, დაფინანსებული, ცილისმწამებლური კამპანია“ დაიწყო.
„ბოლო ინფორმაცია რაც მომაწოდეს გუშინ გვიან, სოც ქსელით ჯგუფებში ვრცელდება პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი. ეს ჩანაწერი სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს დამზადდა და გავრცელდა ჩვენი ხელისუფლების პერიოდში“, – განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატის განმარტებით, ადამიანების მორალური ტერორისგან დასაცავად, ის თავად იყო იმ საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი, რომლითაც „გამკაცრდა დანაშაული პირადი და ოჯახური საიდუმლოების და კომუნიკაციის წესის დარღვევის“.
„ახლა რა ხდება? ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით? ამ კითხვებზე პასუხი მინდა უმოკლეს ვადაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ვის ხელში იყო ეს მასალა?“, – აცხადებს დეპუტატი და საქართველოს მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს, შს მინისტრს გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის უფროსს ვახტანგ გომელაურს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ დღეს პირველად ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა და ამჟამად დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ჭიჭინაძემ თქვა – „გუშინ, ღამე, სხვადასხვა საშუალებით, ქალბატონი ეკას [ბესელია] პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დაიწყეს“. მანვე სამართალდამცველებს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებიდან რამდენიმე საათში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელებას და ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ასევე, პირადი ცხოვრების საიდუმლოების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს. ეკა ბესელიას განცხადებასთან დაკავშირებით, სამართალდამცველი უწყების მხრიდან ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)