Site icon Civil.ge

უფლებადამცველები ხელისუფლებას ფარული ჩანაწერებით შანტაჟის პრაქტიკის აღკვეთისკენ მოუწოდებენ

წყარო: facebook.com/esshengexeba/

კამპანია „ეს შენ გეხება“, რომელშიც ათობით არასამთავრობო ორგანიზაციაა გაწევრიანებული, პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი უკანონო ჩანაწერის“ გავრცელების შესახებ, პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება და ხელისუფლებას ჩანაწერებით შანტაჟის პრაქტიკის აღკვეთისკენ მოუწოდებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების 29 იანვრის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, საზოგადოებას „პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის შესახებ მრავალჯერ სმენია“, რაც მათივე შეფასებით, „საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი წევრების დაშინებას“ ისახავდა მიზნად. მათივე თქმით, „ბრძოლის ეს მეთოდები ყველაზე ხშირად აქტიური ქალების მიმართ გამოიყენება“.

„აღმაშფოთებელია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, საეჭვოდ ემთხვევა ეკა ბესელიას მიერ ბოლო დროს გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აღმაშფოთებელია, თუ ფარული ჩანაწერების გავრცელების და შანტაჟის გზით კონკრეტული ადამიანები სასამართლოს რეფორმის შეჩერებას და სასამართლოში გაბატონებული მოსამართლეთა კლანის პროტექციას ცდილობენ“, – აცხადებენ უფლებადამცველები. 

მათივე განმარტებით, უკანონო ჩანაწერის დამზადება და მისი გავრცელება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, „ფარული ჩანაწერების გავრცელების არც ერთი გახმაურებული შემთხვევა არ გამოძიებულა და დამნაშავე პირები არ დასჯილან“.

„დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს დანაშაულის გამეორებას და წახალისებას, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და ასევე, ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და განმარტავენ, რომ „დამნაშავე პირების დაუსჯელობა“ იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ „ხელისუფლებას არ გააჩნია სურვილი, ქვეყანაში მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული იყოს“.

უფლებადამცველები საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნული ფაქტის „დროულად და ეფექტურად“ გამოძიებისკენ მოუწოდებენ და „ფარული ჩანაწერების მომწესრიგებელი კანონმდებლობის“ დროული ცვლილების რეკომენდაციით მიმართავენ.

ფაქტთან დაკავშირებით, დღესვე, განცხადება „ქალთა მოძრაობამაც“ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „პირადი, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციის და სრული მარგინალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია“.

ქალთა მოძრაობა გმობს მსგავსი ფორმით ქალების პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იერიშის მიტანას. მათივე განმარტებით, ქალების წინააღმდეგ მსგავსი მეთოდებით ბრძოლა „არა მხოლოდ არღვევს ადამიანის უფლებებს, არამედ ძირს უთხრის წარმომადგენლობით დემოკრატიას“. „ქალების პირადი ცხოვრებით მანიპულირება უნდა დასრულდეს!“ – აცხადებენ ქალთა მოძრაობაში.

პოლიტიკური გამოხმაურება

ფაქტზე კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „პირადი ჩანაწერების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება არის, რა თქმა უნდა ამორალური.“
„მოვუწოდებ [სამართალდამცველ ორგანოებს], რომ „მაქსიმალურად ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიკვლიონ თუ რასთან გვაქვს რეალურად შეხება“, – დასძინა მანვე.

საკითხს სპეციალური განცხადებით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და ხელისუფლებას დროული და ეფექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა. „პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს… საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სახალხო დამცველისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შეფასება

ჩანაწერების გავრცელებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანიც გამოეხმაურა. „ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ყველას მოვუწოდებ, რომ არ გახდნენ ასეთი ტიპის დანაშაულის თანამონაწილენი“, – განაცხადა მან და საზოგადოებას დაუდასტურებელ და შეუმოწმებელ მასალასთან დაკავშირებით, კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირებისგან თავის შეკავება ურჩია.

საკითხი სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც შეაფასა და აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი „სისტემურ პრობლემად“ იქცა.

„სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს დანაშაული გენდერულად მოტივირებულია და მიმართულია ძირითადად ქალი პოლიტიკოსებისკენ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ რისკების შესამცირებლად და პრობლემის მოსაგვარებლად, კომპლექსური ზომების მიღებაა საჭირო, მათ შორის, ცნობიერების ამაღლებისა და გავრცელებული მასალების დაუყონებლივ დაბლოკვის გზით.

პირადი და ოჯახური საიდუმლოების შემცველი ჩანაწერის სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელების შესახებ ორი განცხადება ეკა ბესელიამ საკუთარი Facebook-ის საშუალებით 28 იანვარს გაავრცელა და სამართალდამცველ ორგანოებისგან ფაქტის გამოძიება და მის წინააღმდეგ მიმართული „მორალური ტერორის“ უკან მდგარი პირების დასჯა მოითხოვა.

დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ პირველად პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის განცხადების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაიწყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)