Site icon Civil.ge

საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2018 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში

ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა

საერთაშორისო გამჭირვალობის ყოველწლიურ კვლევაში – „კორუფციის აღქმის ინდექსი“, რომელიც 29 იანვარს გამოქვეყნდა, საქართველოს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა.

2018 წლის კვლევაში საქართველო 58 ქულით 180 ქვეყენას შორის 41-ე ადგილზეა, რაც აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში უმაღლესი მაჩვენებელია.

ქვეყნების შეფასება 0-დან (ყველაზე მეტად კორუმპირებული) 100-მდე (ყველაზე სუფთა საჯარო სექტორი) შკალით ხდება.

2017 წლის კვლევაში საქართველოს 56 ქულა ჰქონდა და 180 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე იყო. 2016 წელს კი, საქართველოს 57 ქულა ჰქონდა და 44-ე ადგილზე იყო. 2012 წელს საქართველომ 52 ქულა მიიღო, 2013 წელს – 49 ქულა, ხოლო 2014 და 2015 წელს კი – 52 ქულა.

მიუხედავად პროგრესისა, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს რეგიონის იმ ქვეყნებს შორის განიხილავს, რომლებიც მომავალში დაკვირვებას საჭიროებენ.

„58 ქულის მიღების შედეგად, საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუმჯობესდა გასულ წელთან შედარებით, თუმცა ქვეყანას ემუქრება „უკუსვლა დემოკრატიის სფეროში, რაც მაღალი დონის კორუფციის საფრთხეს ზრდის და გულისხმობს, რომ ქვეყანა მომავალში დაკვირვებას საჭიროებს“, – ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობის სამდივნოს მიერ დღეს გამოქვეყნებული CPI-ის შედეგების ანალიზში.

ორგანიზაციის თქმით, ასეთი მდგომარეობის მიზეზებია ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცველ უწყებებში, კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, სახელმწიფოს მიტაცება და მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე.

საერთაშორისო გამჭირვალობამ ხაზი გაუსვა, რომ „მიუხედავად ხელისუფლებაში კორუფციისა და უკანონო ქმედებების გამოძიების გადაუდებელი საჭიროებისა, საქართველოს არ შეუქმნია დამოუკიდებელი სააგენტოები, რომლებიც სათანადო მანდატით იქნებოდნენ აღჭურვილნი“.

„პროგრესი ანტიკორუფციულ საქმიანობაში კვლავ შეჩერდება და გაუარესდება, თუ საქართველოს ხელისუფლება დაუყონებლივ არ გადადგამს ნაბიჯებს ინსტიტუტების, მათ შორის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის და არ დაუჭერს მხარს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც პოლიტიკურ ჩართულობას და საზოგადოების კონტროლს უზრუნველყოფს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ ანგარიშის თაობაზე პრესრელიზი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს შედეგის 2 ქულით გაუმჯობესება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ მიიჩნევა.

„კვლევაში ასახული არ არის 2018 წლის მიწურულს გახმაურებული მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები, რომლებმაც მომავალში შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინონ რეიტინგში საქართველოს პოზიციაზე“, – აცხადებს საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)