25 ოპოზიციური პარტია, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ახალი მემარჯვენეები, შენების მოძრაობა, რესპუბლიკელები, ლეიბორისტები და თავისუფალი დემოკრატები 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ამ მიზნით, მათ დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეხვედრა გამართეს და საერთო მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შეხვედრის დაწყებამდე, მედიასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა და გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ 25 პარტია იმ იდეით გაერთიანებული შეიკრიბა, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემა გახდეს უფრო დემოკრატიული.
მისივე განმარტებით, ოპოზიციურმა სპექტრმა საზოგადოებას უნდა აუხსნას, რომ „ჯანდაცვის, განათლების და სოციალურ-ეკონომიკური საკითხები პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენი საარჩევნო გარემო გახდეს უფრო დემოკრატიული და ჩვენ გადავიდეთ 100 %-იან პროპორციულ სისტემაზე“.
„პროპორციული სისტემა კატეგორიულად გამორიცხავს საქართველოში ერთპიროვნული ან ერთპარტიული მმართველობის გამეორებას, ის გარანტიას მოგვცემს იმისა, რომ ჩვენ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ მიზნებს უფრო დაჩქარებული ტემპებით მივაღწიოთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობაზე კომენტარი ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამაც გააკეთა. მისი განმარტებით, ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით, მილიონზე მეტი ხელმოწერის შეგროვებას შეძლებს, რაც აიძულებს ხელისუფლებას, რომ „საკუთარ მოსახლეობას აუხსნას, თუ რამე სიკეთე არის 2024 წელს, რატომ არ არის ეს სიკეთე 2020 წელს“.
„ხელისუფლებას მოუწევს სისტემის შეცვლა, რომელიც შობს საკონსტიტუციო უმრავლესობებს, რომელიც უკვე ჩვენი ქვეყნის წყევლად გადაიქცა. ხელისუფლებას მოუწევს შეცვალოს სისტემა, რომელიც იწვევს ჩვენი მოსახლეობის გაღარიბებას, დემოკრატიის ეროზიას, კორუფციას, ნეპოტიზმს და ყველა უბედურებას“, – განაცხადა გიგი უგულავამ და დასძინა, რომ „ნებისმიერი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული წესით“.
საკითხზე პარლამენტში ოპოზიციის მომხსენებლები ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე და თავისუფალი დემოკრატების წევრი ალექსანდრე ბარამიძე იქნებიან.
მამუკა კაციტაძის შეფასებით, „საქართველოში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება არის სიმახინჯე“. „ის არის უსამართლო და ის იძლევა ხმების მოპარვის საშუალებას… ჩვენ 2020 წლისათვის სამართლიან საარჩევნო სისტემას შევაგებებთ ჩვენს ამომრჩეველს და მის არჩევანს“, – განაცხადა მან.
ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით კი, ოპოზიცია შეეცდება, რომ შეკრიბოს რაც შეიძლება მეტი ხელმოწერა, იმისათვის, რათა „ქართული საარჩევნო სისტემა გახდეს ჭეშმარიტად დემოკრატიული და სამართლიანი“. მანვე პროცესში სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)