Site icon Civil.ge

ევროკავშირის ანგარიში: საქართველოსთან ურთიერთობები 2018 წელსაც ძლიერდებოდა

ევროკავშირის დროშა

„ევროკავშირი და საქართველო კვლავ განაგრძობენ ურთიერთობების გაძლიერებას, რითაც საქართველომ კიდევ უფრო გაამყარა საკუთარი, როგორც რეგიონში ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორის პოზიცია“, – ნათქვამია ევროკომისიის და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მე-3 ერთობლივ ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ.

დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს 5 მარტის შეხვედრის წინ გამოქვეყნდა, ასოცირების საბჭოს 2018 წლის თებერვლის შეხვედრის შემდეგ საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის შესრულების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს და ძირითად მოვლენებსა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმებული სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად განხორციელებულ რეფორმებზე ამახვილებს ყურადღებას.

ანგარიშის თანახმად, „საქართველო წინ მიიწევს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით და აგრძელებს საკუთარი კანონმდებლობის და ინსტიტუციური სტრუქტურების ევროკავშირის სტანდარტებთან და მოთხოვნებთან დაახლოებას“.

„ევროკავშირი განაგრძობს ძირითადი რეფორმებით გათვალისწინებული პრიორიტეტული ქმედებების მხარდაჭერას, როგორც ამას 2017-2020 წლების გეგმა ითვალისწინებს, რომლის მიზანიც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის თვალსაჩინო და ხელშესახები სარგებლის უზრუნველყოფაა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიში ასევე ხაზს უსვამს „პროგრესს“ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის და საჯარო ადმინისტრირების რეფორმის ფარგლებში. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, საერთო ჯამში, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, თუმცა „გარკვეული ხარვეზებიც“ შეინიშნებოდა. პროგრესი მართლმსაჯულების სისტემაში შეფასდა როგორც „ზომიერი“, თუმცა საჭიროა „მიღწეული შედეგების გაძლიერება და სფეროში შემდგომი პროგრესის მიღწევა“.

ანგარიშის თანახმად, „მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ კვლავაც შეუწყოს ხელი ღია დიალოგს ყველა პოლიტიკურ აქტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა გაგრძელდეს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, გამყარდეს პლურალისტური დემოკრატია, წინ წაიწიოს რეფორმებმა და უზრუნველყოფილ იქნას ახალმიღებული კანონმდებლობის სრულფასოვანი და მდგრადი განხორციელება“.

„რეფორმები სასამართლო სისტემაში უნდა გაგრძელდეს, რა დროსაც ყურადღება უნდა გამახვილდეს გამჭირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიში ევროკავშირი-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებსაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ „საქართველო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების გზით, რამაც გაზარდა საქართველოს ვაჭრობა ევროკავშირთან, ეკონომიკური ინტეგრაციის სარგებელს იმკის“. „მიუხედავად ამისა, შემდგომი ძალისხმევაა საჭირო ექსპორტის სტიმულირებისთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებისთვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.

31 იანვარს გავრცელებულ პრესრელიზში ევროკომისიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო „კვლავ არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი უსაფრთხოების, ტერორიზმის და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“.

მან ასევე აღნიშნა საქართველოს წვლილი „მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების მდგრადობის გაძლიერებისა და ევროკავშირის, როგორც მსოფლიო უსაფრთხოების მიმწოდებლის როლის გაძლიერების საქმეში“.

ანგარიშზე საუბრისას, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს „შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, რომელიც კიდევ უფრო გავაძლიერეთ გასულ წელს“.

„ევროკავშირი კვლავ დაუჭერს მხარს საქართველოს ხელისუფლებას ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში, რომელიც 2020 წლამდე ჩვენი ერთობლივი მუშაობის პრიორიტეტებს ასახავს – იმ რეფორმებს, რომლებსაც სულ უფრო მეტი სარგებელი მოაქვთ როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა მოგერინიმ.

ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია“ და „ითანამშრომლებს მასთან საქართველოს საექსპორტო პოტენციალის შემდგომი განვითარებისთვის“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)