საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით 28 იანვრიდან 1 თებერვლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, დეპუტატები ამერიკელ კონგრესმენებს და სენატორებს შეხვდნენ და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრები გაიმართა კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარესთან დევიდ პრაისთან, Congressional Georgia Caucus-ის თანათავმჯდომარეებთან ჯერალდ კონოლისთან და ადამ კინზინგერთან, ასევე კონგრესის რამდენიმე ახლადარჩეულ წევრთან რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიებიდან.
შეხვედრების შეფასებისას, ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ამერიკელი დეპუტატების უპირობო მხარდაჭერით სარგებლობს.
„საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სრულიად უპირობო მხარდაჭერა აქვს ყველა მიმართულებით – ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების, საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით“, – განაცხადა მან.
თავის მხრივ, კონგრესმენმა კონოლიმ განაცხადა: „მე მოხარული ვარ, როდესაც ვხედავ, რომ საქართველოს პარლამენტში კარგად ესმით და პატივს სცემენ ოპოზიციას და პატივს სცემენ არჩევნების შედეგებს, რადგან ეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის ქვაკუთხედია“.
კონგრესმენმა პრაისმა ხაზი გაუსვა, რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები მხარს უჭერენ საქართველოს, თუმცა დასძინა, რომ „სხვა დემოკრატიული ქვეყნების მსგავსად, საქართველო გამოწვევის წინაშე დგას, რათა უზრუნველყოს კონფლიქტების შეკავება, ასევე ის, რომ ოპოზიციის ხმა ისმოდეს და კანონის უზენაესობას პატივი სცენ“.
„კვლავ არსებობს გამოწვევები სასამართლო რეფორმის კუთხით. ჩვენ ინფორმირებული ვართ ამის თაობაზე და მხარს ვუჭერთ მას“, – დასძინა მან.
ვიზიტის ფარგლებში, ქართველი დეპუტატები ვაშინგტონში მდებარე ორგანიზაციების, მათ შორის USAID-ის, IRI-ის, IFES-ის, NED-ის და GMFUS-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
თამარ ჩუგოშვილთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის წევრები იყვნენ მმართველი პარტიის დეპუტატები გიორგი ვოლსკი და თამარ ხულორდავა, ასევე ევროპული საქართველოს წევრი დეპუტატი ელენე ხოშტარია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)