ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციამ (OPIC) Pace Group-ს ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალის მშენებლობის მიზნით, 50 მილიონი აშშ დოლარის სესხი გამოუყო.
OPIC-ის მმართველმა დირექტორმა, კენეტ ენჯელმა 4 თებერვალს განაცხადა, რომ „ეს ამბიციური პროექტი კიდევ ერთი ნიშანია იმ ძლიერი პარტნიორობისა, რომელიც OPIC-ს უკვე დიდი ხანია საქართველოსთან აქვს“ და რომ OPIC-ის ინვესტიცია Pace-ს ტერმინალში „აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოს განვითარების მიმართ უწყვეტი მხარდაჭერის და ერთგულების ნიშანია“.
„პროექტი საშუალებას მისცემს Pace Group-ს თავისი ჯგუფის უკვე არსებული ოპერაციები გააფართოვოს ფოთში Pace-ის ტერმინალზე მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის განვითარების, მშენებლობის და ოპერირების გზით“, – განაცხადა ენჯელმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ფოთის პორტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აშშ-დან საქართველოში და ცენტრალური აზიის მეზობელ ქვეყნებში ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირების კუთხით. „საქართველო სწრაფად მიიწევს წინ უფრო აყვავებული და უსაფრთხო მომავლისკენ და დანარჩენ მსოფლიოსთან უკეთესი კავშირი გადამწყვეტი იქნება“, – განაცხადა მან.
Pace Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იოსებ დოლიძემ განაცხადა, რომ მოცემული დაფინანსება წარმოადგენს OPIC-ის მიერ საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ერთ ცალკეულ პროექტზე დამტკიცებულ „უპრეცედენტო“ ოდენობის სესხს. Pace Group-ის ინფორმაციით, პროექტის საერთო ღირებულება 120 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო ინვესტიციის პირველი ფაზა 93 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც OPIC-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება 50 მილიონი აშშ დოლარია.
Pace Group-ი რეგიონში უკვე 27 წელია ოპერირებს და აცხადებს, რომ მან 2016 წლიდან პირველმა დაიწყო თურქმენეთიდან მინერალური სასუქების ტრანსპორტირება, ასევე ფოთში მარცვლეულის ტერმინალის ოპერირება. 2015-2017 წლებში, კომპანია British Petroleum ჯგუფისთვის შაჰ-დენიზის გაზსადენის პროექტის ფარგლებში მილების ტრანსპორტირებასაც ახორციელებდა.
მაღალი დონის მხარდაჭერა
გუშინდელ პრეზენტაციაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტი უზარმაზარ შესაძლებლობებს მოუტანს არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მთლიანად რეგიონის ეკონომიკას. „ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნად ჩამოყალიბების საქმეში“, – განაცხადა ბახტაძემ.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა განაცხადა, რომ ახალი პროექტი „უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ეკონომიკის ხელშეწყობის, ქართველი მწარმოებლების მიერ საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საქართველოს გავლით ახალი კავშირების დამყარების საქმეში“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)