საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის რჩება, ნათქვამია Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში.
2019 წლის ანგარიშში შეფასებული 195 ქვეყნიდან, 86 (44 %) შეფასდა როგორც „თავისუფალი“, 59 (30 %) როგორც „ნაწილობრივ თავისუფალი“ და 50 (26 %) როგორც „არა თავისუფალი“.
ანგარიშის თანახმად, 2018 წელს პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში, საქართველოს რეიტინგი კვლავ უცვლელი (3 ქულა) დარჩა და ქვეყანა ისევ „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა.
100 ქულიანი შკალით საქართველოს 63 ქულა აქვს, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებთან – უკრაინასთან (60), მოლდოვასთან (58) და სომხეთთან (51) შედარებით, უფრო მაღალი მაჩვენებელია. საქართველოს უმსხვილესი მეზობელი ქვეყნები – რუსეთი (20) და თურქეთი (31) „არა თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში მოხვდნენ.
Freedom House-ის კვლევაში ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი „ტერიტორიების“ კატეგორიაში გადიან. პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში 4 ქულით და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში 4.5 ქულით, აფხაზეთს „ნაწილობრივ თავისუფალი“ ტერიტორიის სტატუსი აქვს მინიჭებული. ცხინვალის რეგიონი კი „არა თავისუფალი“ ტერიტორიის კატეგორიაში გადის. მას პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში 7 ქულა, სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში კი – 6.5 ქულა აქვს მინიჭებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)