Site icon Civil.ge

პარლამენტმა მუშაობა თბილისში განაახლა

ფოტო: facebook.com/parliamentgeo/

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა 5 თებერვალს, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში გაიმართა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით და სამოქმედო გეგმით დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა.

სესიაზე ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო, რასაც პარლამენტის სპიკერის გამოსვლა მოჰყვა. ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში პარლამენტის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან კანონებზე ისაუბრა და ასევე ყურადღება სხვადასხვა სფეროში მისაღებ იმ კანონპროექტებზე გაამახვილა, რომლებზე მსჯელობაც მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი. მათ შორის არის „მართლმსაჯულების“ სისტემა, დეცენტრალიზაციის მიზნით, მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების და ფინანსური შესაძლებლობების გაფართოება, „საარჩევნო კოდექსის“ დახვეწა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის „გადასინჯვა“.

პარლამენტის თავმჯდომარემ თავის ანგარიშში ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სიღარიბე სახელმწიფოს წინაშე მდგარ ერთ-ერთ მნიშნელოვან გამოწვევად რჩება და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, კომპეტენციის ფარგლებში, ამ პრობლემის გადასაჭრელად მუშაობს. კერძოდ კი, ქმნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მოზიდვისაკენ მიმართულ საკანონმდებლო ბაზას.

კობახიძის თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, პარლამენტი უცხოელებზე მიწის გასხვისების რეგულაციის მიზნით ორგანულ კანონს მიიღებს, ასევე განიხილავს კანონპროექტს უცხოელთა მიგრაციის მოსაწესრიგებლად და მათთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის სათანადო რეგლამენტაციაზე.

2019 წელს პარლამენტი სამხედრო კანონმდებლობის მოდიფიკაციაზეც იმუშავებს. ასევე დაგეგმილია ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღება. შესაბამისი კანონპროექტი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით შეიმუშავა.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება პარლამენტის საგარეო საქმიანობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მთავარი აქცენტი პრაგმატულ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე უნდა გაკეთდეს.

კობახიძის თქმით, ეს „სამომავლო გეგმების არასრული ჩამონათვალია“ და დამატებით ინფორმაციას პარლამენტი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის.

თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში პარლამენტის ახალ რეგლამენტზეც ისაუბრა, რომელიც გასული წლის დეკემბერში დამტკიცდა და აღნიშნა, რომ ახალი რეგლამენტი პარლამენტს „საპარლამენტო კონტროლის გაზრდილ, უფრო ეფექტიან შესაძლებლობებს“ აძლევს.

„ყოველივე ზემოაღნიშნული გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ 2019 წელი იქნება გამორჩეული პარლამენტის საზედამხედველო კომპეტენციების ახლებურად გააზრებისა და განხორციელების ინტენსივობის კუთხით“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის სპიკერის გამოსვლა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ძირითადი კითხვები ახალ რეგლამენტს და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაზრდას ეხებოდა.

თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ სხდომა კომიტეტების თავმჯდომარეების გამოსვლით გაგრძელდა, რომლებმაც ირაკლი კობახიძის გამოსვლა შეაფასეს და კომიტეტების საქმიანობის შესახებ მოკლე ანგარიშები წარმოადგინეს. საკუთარი პოზიცია ცალკეულმა დეპუტატებმაც დააფიქსირეს.

საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 13 საკითხზე იმსჯელებენ, ასევე სასესიო კვირაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი დეპუტატებს სამინისტროს ანგარიშს წარუდგენს.

ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატის – მინისტრის საათის ფარგლებში კი, სესიაზე ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის გამოსვლა იგეგმება.

პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს პრემიერ-მინისტრი, მინისტრებთან და თბილისის მერთან ერთად ესწრებოდა.

რეგლამენტის ახალი რედაქციით, პარლამენტის ადგილმდებარეობისა და საქმიანობის ადგილად, ქუთაისის ნაცვლად, დედაქალაქი თბილისია განსაზღვრული, პარლამენტის სხდომის სხვა ადგილას გამართვა კი, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რამე მიზეზის გამო, პარლამენტის სასახლე ვერ შეძლებს ფუნქციონირებას. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას სესიების სხვა ადგილას გამართვის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარე იღებს. საპარლამენტო ქალაქად ქუთაისის ჩანაწერი ახალი კონსტიტუციიდანაც არის ამოღებული.

This post is also available in: Русский (რუსული)