შეპირებული “საოცარი დემოკრატიის“ მშენებლობა, არც ისე მარტივი გამოდგა „ეკლიანი ხელთათმანების“ გარეშე.
პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც თითქოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ღიად უნდა მიმდინარეობდეს, დრო და დრო მმართველი პარტიის რიგებში გადაინაცვლებს ხოლმე, შესაბამისი კულუარული ფორმებით. ასეთი დაპირისპირებები ხანდახან თანაპარტიელებს შორის ცუდად შეფარულ, მაგრამ მაინც კოდირებული ფრაზებით გამოთქმულ დისკუსიაში გამოიხატება ხოლმე, ხან კი უფრო უხეშ ფორმებსაც იღებს.
თვალთვალი და პირადი ჩანაწერების გამოქვეყნება პოლიტიკური ბრძოლის ქართულ არსენალში ის “ატომური” იარაღებია, რის გამოც ზოგიერთ ცნობილ პოლიტიკოსს – ზოგჯერ მთავრობის ცალკეულ წევრებსაც კი – უკანა პლანზე გადასვლა, ზოგს კი სულაც პოლიტიკური სცენის დატოვება მოუწიათ.
ჭირვეულის მორჯულება?
ბოლო პერიოდში საზოგადოება სწორედ ასეთი ბრძოლის მოწმე გახდა. ამ შემთხვევაში მსხვერპლის სახით მმართველი ქართული ოცნების ერთერთი წამყვანი წევრი, ეკა ბესელია წარმოგვიდგა, რომელსაც გასული წლის ბოლოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა მოუწია სასამართლო რეფორმაზე პარტიის ლიდერებთან წარმოქმნილი დაპირისპირების გამო. ამ პოლიტიკური დემარშიდან მცირე ხნის შემდეგ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ფარული ჩანაწერები, რომლებიც დეპუტატის პირადი ცხოვრების სცენებს შეიცავდა.
თვითონ ბესელიამ ამ ქმედებებს „მორალური ტერორი“ უწოდა, რომლის მიზანიც იყო, მას შეეწყვიტა სასამართლოში მაღალ თანამდებობებზე გარკვეული პირების დანიშვნის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ თემას მოგვიანებით მივუბრუნდებით, მანამდე კი პირადი ჩანაწერებით პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის ისტორიაც გავიხსენოთ – უფრო სწორად, ამ ისტორიის ის ნაწილი, რომელიც თავის დროზე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა.
შავბნელი ისტორია
პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით და კერძო ხასიათის სცენების ფარული ჩანაწერებით დაშინება ქართულ პოლიტიკაში არც თუ უკანასკნელ როლს თამაშობს. მსგავსი შემთხვევების ნამდვილი საბაბი და მიზანი ფართო საზოგადოებისთვის დაფარული იყო, რის გამოც ყოველი კონკრეტული შემთხვევა სხვადასხვა ვარიაციებითა და ჭორებით დაიხუნძლებოდა ხოლმე. ის გარემოება კი, რომ ასეთი შემთხვევების გამოძიება ან არ ხდებოდა ან თუკი დაიწყებოდა – ლოგიკურ დასასრულამდე არასდროს მიდიოდა, მუდამ ტოვებდა ფართო სივრცეს ინტერპრეტაციებისთვის.
სახიფათო კავშირები
„თეთრი მელას“ ჩრდილქვეშ
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენიდან სამი ათეული წლის მანძილზე გამოყენებული პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით შანტაჟის მეთოდები სხვადასხვა ფორმებს იძენდა და, როგორც დღეს უფლებადამცველები აცხადებენ, ეს მეთოდები მეტწილად მიმართული იყო ქალებისა და „არატრადიციული“ ორიენტაციის მამაკაცების წინააღმდეგ, რადგან „საზოგადოებაში მათი სექსუალობა გაკიცხვის საგანია“. უფლებადამცველების განცხადებით, ამ სახის შანტაჟი ჰეტეროსექსუალ კაცებზე არ მოქმედებს, რადგან მიიჩნევა, რომ მათ შეიძლება „მრავალფეროვანი“ პირადი ცხოვრება ჰქონდეთ.
პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და სხვა საჯარო პირების თვალთვალი, რა თქმა უნდა, ინტერნეტამდელ ეპოქაშიც ხდებოდა. თუკი ვინმე ამ ინფორმაციის გავრცელებით შანტაჟს მიმართავდა, ამის შესახებ საზოგადოება ჭორად, პირადი საუბრებიდან იგებდა, რის პირველწყაროდაც „სანდო ადამიანები“ სახელდებოდნენ.
ერთერთ ასეთ შემთხვევად შეიძლება ჩავთვალოთ 2000-იანი წლების დასაწყისში პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციის ერთერთი მაღალჩინოსნის თვითმკვლელობის ამბავი. იმ დროს ჭორები დადიოდა ამ ჩინოვნიკის „არატრადიციულ ორიენტაციაზე“. როგორც ჩანდა, ვიღაცას მაინც და მაინც გულზე არ ეხატებოდა ეს ადამიანი, რადგან, სავარაუდოდ, მისი დაშანტაჟება სცადეს პირადი ცხოვრების ჩანაწერებით. გაზეთებში რამოდენიმე სტატიაც გამოჩნდა, ამ თემაზე მინიშნებით. თვითმკვლელობის ოფიციალურ ვერსიად გამოცხადდა მასმედიაში მის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია იმის შესახებ, რომ თითქოს ეს ადამიანი სხვადასხვა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე საკუთარი პროტეჟეების დანიშვნას ლობირებდა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, მაგრამ გამომძიებლებს თავიანთი მუშაობის შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის არაფერი უცნობებიათ.
„ვარდების რევოლუციის“ წინ კიდევ იყო პირადი ცხოვრების ჩანაწერების კომპრომატის სახით გამოყენების ერთი მცდელობა მაშინდელი ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ. აჭარის მაშინდელი მეთაურის, ასლან აბაშიძის პარტია „აღორძინების“ წინასაარჩევნო კლიპში, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, გამოყენებული იქნა კადრები ზემოთაღნიშნული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მონაწილეობით, რომელიც ახალგაზრდა ყმაწვილების კამპანიაში სპირტიან სასმელს მიირთმევდა შინაურულ გარემოში. ეს კადრები რომ დღევანდელმა ახალგაზრდობამ ნახოს, რომელიც ბოლო 10 წლის მანძილზე შევიდა ზრდასრულ ასაკში, ამ კლიპში რაიმე მაკომპრომეტირებელს ალბათ ვერც კი შენიშნავს, მაგრამ ასეთი კადრების გამოქვეყნება იმ დროს, და თან უმრავლესობისაგან „განსხვავებულ“ პირად ცხოვრებაზე მითითებით, აშკარა და ღია მცდელობა იყო იმ ადამიანის დისკრედიტაციისა, ვისი პარტიის არჩევნებში გამარჯვებაც ასლან აბაშიძეს არანაირად არ აწყობდა.
ვიდეო კასრები
თვალთვალის ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, მომდევნო წლებში ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიღება და გავრცელება ბევრად უფრო გამარტივდა. შესაბამისად, გაიოლდა ასეთი ინფორმაციის გამოყენებაც ადამიანზე ზეწოლის მოხდენის მიზნით.
2009 წლის შემოდგომაზე გაზეთი „ბათუმელები“ იტყობინებოდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზეთის თანამშრომელთა დაშინების და შანტაჟის მცდელობას, მათ შორის „სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სტიგმის გამოყენებით“. გაზეთმა დახმარებისთვის მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, რადგან იმედი არ ჰქონდა, რომ ხელისუფლება სერიოზულ გამოძიებას ჩაატარებდა. გაზეთის განცხადებით, მაშინ საქმით შსს-ის გენერალური ინსპექცია დაინტერესდა, თუმცა პასუხისგებაში ვინმეს მიცემის თაობაზე ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც პოლიტიკურ არენაზე მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ტელეკომპანია „მე-9 არხმა“, რომლის მფლობელიც იმ დროს ივანიშვილის მეუღლე იყო, მთავარ პროკურატურას გამოძიების ჩატარების თხოვნით მიმართა ამავე ტელეკომპანიის თანამშრომლის დაშანტაჟების მცდელობასთან დაკავშირებით. თვითონ ჟურნალისტი აცხადებდა, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ტელეკომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მის გადაბირებას ცდილობდნენ, ასევე აიძულებდნენ მას ერთსქესიანი კავშირი დაემყარებინა „მე-9 არხის“ ერთერთ მამაკაც თანამშრომელთან და ეს ფარულად ჩაეწერა ვიდეოზე. მაშინ პროკურატურამ ოფიციალურად განაცხადა გამოძიების დაწყების თაობაზე, მაგრამ როგორც ყოველთვის, გამოძიების დასრულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. იმის მიუხედავად, რომ დაახლოებით 3 თვის შემდეგ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა და გამოძიების გაგრძელების შესაძლებლობა ქართული ოცნების ხელისუფლების ხელში გადავიდა, ფართო საზოგადოებისთვის გამოძიების დასრულების შესახებ არავის უცნობებია.
მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის განმავლობაში კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია და კადრები საჯაროდ არ გავრცელებულა, ივანიშვილის ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ იმდროინდელი სტრუქტურები ამ სახის აუდიო და ვიზუალური ინფორმაციის რეგულარული შეგროვებით იყვნენ დაკავებული, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელობამ ათობით ფარული ვიდეო ჩანაწერი გააკეთა, სადაც ასახულია „საზოგადოებისათვის ცნობადი მამაკაცების“ სექსუალურ კავშირი სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებთან, რაც შემდგომში მათი დაშანტაჟებისთვის გამოიყენებოდა, – განაცხადა პროკურატურამ 2013 წლის 14 იანვარს.
შემდგომ პერიოდში კი ქართული ოცნების ხელისუფლებამ რამდენიმე სამალავის აღმოჩენის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომლებიც, ცნობისამებრ, იარაღთან ერთად შეიცავდა ვიდეოჩანაწერებს პატიმრების წამების შესახებ და ასევე სცენებს სხვადასხვა ადამიანების პირადი ცხოვრებიდან. ახალი ხელისუფლება თითქმის ყოველდღე აკეთებდა განცხადებებს აღმოჩენილი მასალების შესახებ, რომლებიც წინა ხელისუფლების მიერ შანტაჟის მიზნით გროვდებოდა, მათ შორის, ცნობილი ადამიანების წინააღმდეგაც.
ამის შემდეგ კი იქმნებოდა სხვადასხვა კომისიები, რომელთა წევრები ამ მასალებს ეცნობოდნენ და უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავდნენ წინა წლებში ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დაცულობის მხრივ. ტარდებოდა ფარული ჩანაწერების შემცველი ციფრული მატარებლების საჩვენებელი განადგურება. ამის პარალელურად, პარლამენტში მიმდინარეობდა საკანონმდებლო მუშაობა ადამიანის პირადი ცხოვრების თვალთვალისა და მიყურადების კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, ხოლო უფლებადამცველები, თავის მხრივ, იმ კანონმდებლობის შეცვლას ლამობდნენ, რომელიც შსს-ს საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე პირდაპირ წვდომას უნარჩუნებდა. ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, გარეშე თვალს შეიძლება მოჩვენებოდა, რომ 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა და მოქალაქეებს, და მით უმეტეს, საჯარო და ცნობილ ადამიანებს, თავისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ წუხილი აღარ უნდა ჰქონოდათ.
საოცნებო ფანტაზიები
ეგრე არ არის თაყაო… პირადი ცხოვრების სცენებით მანიპულირების გრძელ რიგში, როგორც ეს შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, „პირველი მერცხალი“ ერთ-ერთ ჟურნალისტთან დაკავშირებული შემთხვევა გამოდგა, რომელიც ხშირად აკრიტიკებდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველს გია ხუხაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს გელა ხვედელიძეს და მთავარი პროკურორის მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს იმ ბიზნესების ხელში ჩაგდების გამო, რომლებსაც ადრე ძველ ხელისუფლებასთან აფილირებული პირები აკონტროლებდნენ.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეომასალა ამ ადამიანის სექსუალურ სცენებში მონაწილეობის კადრებით და ამ ვიდეოში მოქმედი პირების იდენტიფიცირება სირთულეს არ წარმოადგენდა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე დააკავეს, რომელიც მალევე გაათავისუფლეს 5 ათასი ლარის გირაოს შეფარდების შემდეგ, ხოლო ერთი წლის შემდეგ სასამართლომ მას ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. ასეთ ლმობიერ დამოკიდებულებას და სასამართლოს განაჩენს რთულია ადეკვატური სასჯელი ვუწოდოთ იმ დანაშაულისთვის, რომელმაც საზოგადოებაში უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია და თვითონ ხელისუფლებაც მსგავსი მასალების შეგროვებას და გამოყენებას მხოლოდ წინა ხელისუფლების უპატიებელ ცოდვად მიიჩნევდა.
მთავრობის ხმამაღალი დაპირებების მიუხედავად, რომ ხელისუფლება მკაცრად შეებრძოლებოდა შანტაჟისა და მოქალაქეების პირადი ცხოვრების სცენების გამოყენებას მათზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, შემდგომში მსგავსი შინაარსის ვიდეომასალები არაერთხელ გამოქვეყნებულა. მარტივად შეიძლებოდა დასკვნის გაკეთება, რომ ამ სახის მასალების გასაჯაროების მთავარი მიზანი მათი მოქმედი გმირების გაჩუმება და მათზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა იყო, რადგან ეს გმირები ცნობილი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები იყვნენ.
2015 წლის ოქტომბერში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა მისი დაშანტაჟების მცდელობას. გვარამიას თქმით, მას გადასცეს „სამთავრობო მესიჯი“ იმის თაობაზე, რომ თუ არ დატოვებდა ტელეკომპანიას, რომლის მფლობელობის უფლებები სასამართლოშია გასაჩირვებული, მას გამოუქვეყნებდნენ მისი პირადი ცხოვრების ჩანაწერებს. გვარამიამ განაცხადა, რომ შანტაჟს არ დაემორჩილა და ამის ნაცვლად საჯაროდ განცხადების გაკეთება არჩია, რადგან არ აპირებდა „რუსთავი 2“-დან „გაქცევას“. პროკურატურამ მაშინ გამოძიება დაიწყო, თუმცა გამოძიების შედეგების შესახებ დღემდე არფერია ცნობილი.
2016 წლის მარტის შუა რიცხვებში YouTube-ზე ანონიმურმა პირმა მუქარების ვიდეო გამოაქვეყნა რამდენიმე პოლიტიკოსის, მათ შორის მოქმედი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების, ასევე ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ, რომელთაც მოუწოდებდნენ უარი ეთქვათ თავიანთ პროფესიულ საქმიანობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პუბლიკაციის ავტორი მათ პირადი ცხოვრების ვიდეომასალების გამოქვეყნებას პირდებოდა. მაშინ ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ მას „ვერანაირი შანტაჟით ვერ გააჩუმებენ“ და რომ იგი ბოლომდე აპირებდა ბრძოლას „ამ ძალიან სერიოზული ტერორის წინააღმდეგ“.
ამავდროულად, მმართველი ქართული ოცნების დეპუტატებს შორის მაშინ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც იმ თანამდებობის პირების გადადგომას მოითხოვდნენ, რომელთა წინააღმდეგაც „მაკომპრომენტირებელი მასალები არსებობს“. მაშინ დაწყებულ გამოძიებაში ქართულმა მხარემ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებიც ჩართო. თუმცა ერთადერთი, რაც მაშინ ძიებამ დაადგინა თვენახევრიანი გამოძიების შედეგად, იყო ის, რომ მუქარის შემცველი კარდები იმ დროისთვის ამოუცნობი პირების პირადი ცხოვრების მომენტებით ინტერნეტში საქართველოს ტერიტორიიდან არ ატვირთულა.
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს იმ დროს გამოძიების დასრულებაზე მიმართული ძლიერი ემოციური განწყობა არსებობდა, გამოძიების დასრულების და დამნაშავეთა გამოვლების შესახებ რაიმე ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა. ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, რომელიც მუქარებს არ შეუშინდა და ამ სახის ზეწოლის წინაამდეგ ბრძოლის ბოლომდე მიყვანის პირობა დადო, აქტიური ჟურნალისტური საქმიანობა განაგრძო, თუმცა იმ დროისთვის უკვე ოპოზიციაში მყოფ ერთერთ პოლიტიკოსს, კოალიცია ქართული ოცნების მთავრობის ყოფილ წევრს პოლიტიკიდან ზედმეტი ხმაურის და განმარტებების გარეშე წასვლა მოუწია, როს შემდეგაც საჯარო სივრცეში ეს ადამიანი აღარც გამოჩენილა…
ამ მოვლენების დროს იყო ვარაუდები, რომ იმ პოლიტიკოსებს შორის, რომელთაც პირადი ცხოვრების სცენების გამომზეურებით ემუქრებოდნენ, მმართველი ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელიაც იყო. თუმცა მაშინ ბესელიას საჯარო განცხადებები ამ თემაზე არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა.
მხოლოდ ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, მისივე განცხადებებიდან, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადებებიდან ცნობილი გახდა, რომ სასამართლო ორგანოებში გარკვეული სახის ჩანაწერები ინახებოდა, რომლებიც ბესელიას პირად და ოჯახურ საიდუმლოს შეიცავდა.
დეპუტატის თქმით, ეს კადრები დამზადებული იყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და მათი გავრცელება კი ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდა. მან განაცხადა, რომ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ 8 ადამიანი დამნაშავედ სცნო და ბოლო დროს საქმე სააპელაციო სასამართლოში იყო გადაგზავნილი.
ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ არ მიაჩნდა სწორად მასალების სასამართლოში გადაგზავნა, რადგან, მისივე თქმით, მათი უკანონო გავრცელების საფრთხე არსებობდა. დეპუტატი სამართალდამცავი ორგანოებისგან პასუხს ითხოვს კითხვებზე – ვინ შეარჩია მასთან ანგარიშსწორების ასეთი ფორმები და ვის ხელში შეიძლება არსებულიყო ეს მასალები. ბესელიას განცხადებით, ეს ყველაფერი შესაძლოა დაკავშირებული იყოს სასამართლო სისტემაში ცვლილებებისთვის მის ბრძოლასთან, და რომ ვიღაც ამ სახით ცდილობს ის ამ ბრძოლას ჩამოაშოროს.
დასკვნის მაგიერ
რა იქნება მომავალში? რამდენად ეფექტურად და დროულად იქნება გამოძიებული ეს საქმე, დრო გვაჩვენებს, მაგრამ მსგავსი გამოძიებების ისტორია დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. დეპუტატ ბესელიასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელი მოვლენების კვალდაკვალ რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომელთაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ვიდეოს გავრცელებაში ადანაშაულებენ, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ დაკავებულთა შორის რომელიმე მათგანი სოციალურ ქსელებში ამ ვიდეოს გაჟონვის პირველწყარო იყოს. არც სამართალდამცავები მიანიშნებენ იმაზე, რომ დაკავებულთა შორის ვინმე მსგავსი პირია. გამოძიება გრძელდება, ჯერჯერობით კი ჯოხები იმ ადამიანების თავზე ტყდება, ვინც საკუთარმა ცნობისმოყვარეობამ და „გულუხვობამ“ დაღუპა – გაეზიარებინა პიკანტური სცენების შემცველი ვიდეო ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებისთვის.
საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ნათელია, რომ მსგავსი ქმედებები ბრძოლის სამართლიან მეთოდებს არ წარმოადგენს და რომ ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება დაცული უნდა იყოს, რამდენად საჯაროც არ უნდა უყო ეს ადამიანი, მაგრამ დღესდღეობით ეს მხოლოდ სურვილად და ფურცელზე დატანილ კანონად რჩება, და ადვილი წარმოსადგენია რას განიცდიან უბრალო ადამიანები, თუკი ამ ქვეყანაში გავლენიანი ლიდერებიც კი, მათ შორის, მთავრობის და პარლამენტის წევრები, დაცულნი არ არიან მათ პირად ცხოვრებაში უხეში შეჭრისგან…
This post is also available in: Русский (რუსული)