Site icon Civil.ge

ერგნეთის IPRM-ის შეხვედრის წინ თბილისი „ბორდერიზაციის“ პროცესს გმობს

წყარო: facebook.com/luda.salia

7 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მახლობლად, ძუკაანთკარში, „ბარიერების“ აღმართვის ფაქტი დაგმო.

განცხადება ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების (IPRM) შეხვედრას ერთი დღით უსწრებს. ფორმატმა მუშაობა სამთვიანი პაუზის შემდეგ დეკემბერში განაახლა. ამჟამად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID)თანათავმჯდომარეები თბილისში იმყოფებიან, საიდანაც ისინი ერგნეთში გაემგზავრებიან და ხვალინდელ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.

ინფორმაცია ინციდენტის შესახებ

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სოფელ ძუკაანთკარის მახლობლად „სათვალთვალო კოშკურის“ აღმართვის დაწყების შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გუშინ გავრცელდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა Civil.ge-ს დაუდასტურა, რომ სათვალთვალო კოშკურის მშენებლობა ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მართლაც მიმდინარეობს და რომ „აღნიშნული საკითხი მწვავედ დადგება 8 თებერვალს, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ერგნეთში“.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესსპიკერმა დესმონდ დოილმა Civil.ge-ს დაუდასტურა, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მიმდინარე მშენებლობის შესახებ მისიას ინფორმაცია აქვს, რაც მათი ვარაუდით, ახალი შენობაა, რომელიც ძველ შენობას ჩაანაცვლებს. მისივე თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიაჩნია, რომ შენობა „საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ მდებარეობს“. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „მისია 24-საათიან რეჟიმში პატრულირებს, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების გასწვრივ“ და „მხარს უჭერს საქართველოს მთლიანობას“, რომელიც ამ ორ რეგიონსაც მოიცავს.

მინისტრი: ცხინვალი მოსახლეობას „სასუნთქ გზას უკეტავს“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ „ხელოვნური ბარიკადები“ – საგუშაგოები, სათვალთვალო კოშკურები, მავთულხლართები – ადამიანების წინააღმდეგ „საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლაა“. მისი თქმით, რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის არსებული გამშვები პუნქტების ჩაკეტვით, ცხინვალი მოსახლეობას „სასუნთქ გზას უკეტავს“.

მინისტრის შეფასებით, ახალი მშენებლობის მიზანია, რომ „ზეწოლა გააძლიეროს და კიდევ უფრო კარგად დააკვირდეს, რამდენი ოსი მოსახლე ცდილობს გადმოლახოს საოკუპაციო ხაზი და გადმოვიდეს [თბილისის მიერ] კონტროლირებად ტერიტორიაზე“.

ციხელაშვილმა დაადასტურა, რომ სამინისტრომ ეს საკითხი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინაშე დააყენა და ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსაც მიაწოდა. მისივე თქმით, ქართული მხარე საკითხის წამოწევას IPRM-ის შეხვედრაზეც გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)