რუსეთის დასავლელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორება რუსული ელიტების ხელით უფრო მოხდება, ვიდრე რუსი ხალხის ძალისხმევით.
ამაზე მათ ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, ვილსონის ცენტრის კენანის ინსტიტუტის მიერ 4 თებერვალს გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრეს, რომლის სათაურიც იყო “სანქციების გავლენა რუსეთის ელიტაზე”. ქვემოთ მოკლედ შევაჯამებთ ამ დისკუსიას:
ზოგადი ხედვა ასეთია: აშშ-ში და ევროპაშიც იციან, რომ პუტინი თავისას არ მოიშლის. რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების ერთ-ერთი მიზანი პუტინზე ზეწოლის გაძლიერებაა, მათ შორის მმართველობით სტრუქტურებში ბზარის შეტანის გზით.
- ოღონდ: როგორც ამასწინათ ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას წინააღმდეგ მიმართული სანქციების მოხსნამ გვიჩვენა, დასავლეთის გულმოდგინება უსაზღვრო არაა – ზოგი სანქცია დასავლეთს ზედმეტად ძვირი უჯდება.
ცოტა შორიდან რომ შევხედოთ: ჩეტამ ჰაუსის მკლვევარის, ნაიჯელ გულდ-დეივისის (Nigel Gould-Davies) თქმით, რუსეთის ელიტები დღეს “უჩვეულოდ არაკომფორტულ მდგომარეობაში” არიან, რადგანაც იმ დასავლურ ინსტიტუტებთან კავშირი გაუწყდათ, სადაც თავის ქონება მიჰქონდათ ხოლმე გადასამალად.
- გულდ-დეივისის თქმით, ოლიგარქებს შეუძლიათ არჩიონ: “ან კიდევ უფრო დაუახლოვდნენ პუტინს და მას რუსული სახელმწიფოს მფარველობა გამოსთხოვონ”; ან თავისი აქტივები დასავლეთში (ეგებ აზიაშიც…) გაიტანონ; ანდა როგორც ახლა არიან, ისე იჯახირონ იმ იმედით, რომ მდგომარეობა გამოსწორდება.
- თუმცაღა, “მათგან ზოგიერთს შეისაძლოა დაებადოს ცდუნება, თავისი რესურსები რუსეთში გარკვეული ცვლილებების განხორციელებას მოახმაროსო”, ამბობს მკვლევარი. რუსეთსა და მის სამეზობლოში, “პოლიტიკური ცვლილებები ყოველთვის მაშინ ხდება, ანდა იწყება…როცა პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ელიტის ნაწილი ლიდერს უგანებსო”, სჯერა გულდ-დეივისს.
ეჭვის მარცვალი: ალინა პოლიაკოვა, ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი ამტკიცებს, მარტო სანქციები ასეთ ცვლილებებს ვერ მოიტანსო: დასავლეთში “არ არსებობს პოლიტიკური ნება, სანქციები იმდენად გამკაცრდეს, რომ ოლიგარგები დაარწმუნოს, პუტინი მათი ქონების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფსო”.
- თუკი დასავლეთი სანქციებით ასე შორს წავა, არსებობს რისკი, რომ მათი ირიბი შედეგები დასავლეთისვე ეკონომიკას ცუდად მოუბრუნდება, რადგანაც რუსეთი გლობალურ ეკონომიკაში საკმაოდ ღრმადაა ინტეგრირებულიო, თვლის პოლიაკოვა.
ეს აზრი დერიპასკას ამბავთან გვაბრუნებს: ის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოლიგარქია და შარშან პუტინთან ახლო კავშირების გამო სანქციებიც შეეხო.
- აშშ ხაზინამ (The U.S. Treasury) ჯერ გადადო დერიპასკას კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ – მათ შორის ალუმინის გიგანტის, რუსალის (Rusal) – სანქციების გამოყენება, იანვრის ბოლო კვირას კი სულაც გააუქმა სანქციები მისი სამი დიდი კომპანიის – მათ შორის რუსალის – წინააღმდეგ, მათში დერიპასკას წილი შეიზღუდვის სანაცვლოდ.
- ამ გადაწყვეტილებას ვაშინგტონში არაერთმნიშვნელოვნად შეხვდნენ, თუმცა მის მისაღებად აქტიურად ლობირებდნენ ევროპის მთავრობები და კომპანიები, რომელთაც რუსალის წინააღმდეგ სანქციების ეკონომიკური შედეგებისა შეეშინდათ. ეს კომპანია ხომ მსოფლიოს ალუმინის წარმოების 7%-ს აკონტროლებს.
სანქციების გავლენას მარტო დასავლური კომპანიების გავლენა არ ასუსტებს. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ეკონომისტის, დანიელ ანის (Daniel Ahn) კვლევის თანახმად, რუსეთი აქტიურად ეხმარება სანქციების ქვეშ მოყოლილ თავის კომპანიებს – ანის თქმით ეს სიამოვნება მოსკოვს “უკვე 13 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა” და ხარჯი კვლავაც იზრდებაო.
- ამრიგად, კრემლს სანქციების დაბალანსება ნელ-ნელა აკოტრებს. თანაც, როგორც გულდ-დეივისმა შენიშნა – “თუკი კრემლი კომპანიებს ამხელა ფულს უხდის, ესეიგი მათი უგულვებელყოფის ფუფუნება არა აქვსო”.
დასკვნის სახით: დასავლეთმა შეიძლება ვერც შეძლოს პუტინის ტახტის სანქციების გზით შერყევა, მაგრამო, ამბობს ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ანდერს ასლუნდი (Anders Aslund) “ის კი ვიცით, რომ მისი დასუსტება შეგვიძლიაო”.
- “მანამ, სანამ რუსეთი ომს აგრძელებს, ჩვენ კი სანქციებს,” ამბობს ასლუნდი, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა ვერ გამოსწორდება და “ადრე თუ გვიან ეს რეჟიმი დაემხობაო”.