Site icon Civil.ge

პარიზი-რომი: დაძაბულობის რვა თვე

იტალიის შს მინისტრი/ვიცე პრემიერი მატეო სალვინი იტალიურ თოქ შიუში გამოსვლისას. ფოტო: რაი უნო/ AFP / Andreas SOLARO

მას შემდეგ, რაც 2018 წლის გაზაფხულზე იტალიის ხელისუფლება ულტრა-მემარჯვენე ლა ლიგასა (la Ligue) და ანტისისტემური “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის” კოალიციამ ჩაიბარა, ურთიერთობები პარიზსა და რომს შორის დღითიდღე უარესდება.

ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ურთიერთობების გაციება შეიძლება წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს და ზრდილობის გამო დიდი ხნის გაუმჟღავნებელ გაღიზიანებას დააბრალოს კაცმა, მაგრამ ფაქტია, რომ უკანასკნელი რვა თვის განმავლობაში ორ დედაქალაქს შორის ნამდვილმა სიტყვიერმა ომმა ამოხეთქა.

თავის კულმინაციას მოვლენებმა გასულ ხუთშაბათს, 7 თებერვალს მიაღწია, როდესაც საფრანგეთმა იტალიიდან თავისი ელჩი გაიწვია. ამის მიზეზი საფრანგეთში მყოფი იტალიის ვიცე-პრემიერის, ლუიჯი დი მაიოს (Luigi Di Maio) “ყვითელი ჟილეტების” ლიდერებთან შეხვედრა გახდა.

თვალი გადავავლოთ იმ ნაბიჯებს, რომლებმაც ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური უფსკრული გააჩინა.

ჯუზეპე კონტეს (Giuseppe Conte) ‘უჩვეულო’ მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ რამდენიმე დღე იყო გასული, როცა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2018 წლის 12 ივნისს პოლიტიკური ქარიშხალი გამოიწვია. თავის გამოსვლაში, მან დაგმო იტალიის მთავრობის “ცინიზმი” და “უპასუხისმგებლობა”, რომელმაც 630 მიგრანტის გადამყვან გემ “აკვარიუსს” უარი უთხრა პორტში შესვლაზე. მაკრონის პარტიის სპიკერი, გაბრიელ ატალი (Gabriel Attal) კიდევ უფრო შორს წავიდა და იტალიის პოზიციას “გულისამრევი” უწოდა.

გაცოფებულმა რომმა საფრანგეთის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა და “ლა ლიგას” ლიდერმა, მატეო სალვინიმ  (Matteo Salvini) ბოდიშის მოხდა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პარიზში იტალიის მთავრობის მეთაურის დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებით დაიმუქრა. თუმცაღა ეს ვიზიტი მაინც შედგა, 15 ივნისს.

გავიდა ერთი კვირა და პრეზიდენტმა მაკრონმა თავის გამოსვლაში ევროპაში “კეთრის დაბრუნებაზე” ისაუბრა – “ნაციონალიზმის იმ ტიპის აღზევებაზე, რომელიც დახშული საზღვრების მიღმა ხარობს, როგორც ეს ზოგიერთებს სურთ”, ვინც “თავშესაფრის უფლებასაც კი არად დაგიდევენ.”

ბატონი სალვინის პასუხმა არ დააყოვნა:შესაძლოა ჩვენ მართლაც კეთროვანი პოპულისტები ვართ, მაგრამ მე ჭკუის სწავლებას მხოლოდ იმათგან ავიტან, ვისაც თვითონა აქვს კარი ღია. ჯერ ათასობით მიგრანტი მიიღეთ და მერე დავილაპარაკოთო”, მიუგო სალვინიმ “ქედმაღალ პრეზიდენტ მაკრონს”.

ოქტომბრის ბოლოს, საფრანგეთის მთავრობამ ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა, რომელშიც მოქალაქეებს 2019 წლის მაისში ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებდა. ამ კლიპში მატეო სალვინი და უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი (Viktor Orban) უარყოფით პერსონაჟებად იყვნენ გამოყვანილი: ისმოდა კითხვა “ევროპა: კავშირი თუ დაყოფა?”, ხოლო ეკრანზე ვხედავდით ერთის მხრივ, ზღვაში დახრჩობას გადარჩენილ მიგრანტებს, მეორეს მხრივ კი სალვინისა და ორბანს, რომლებიც მხარდამჭერების დემონსტრაციებს მიმართავდნენ.

მატეო სალვინიმ ეს გამოხტომა უპასუხოდ არც ახლა დატოვა და ტვიტერით უპასუხა:

საფრანგეთის მთავრობამ, გადასახადების გადამხდელების ფულით დააფინანსა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოწოდების ოფიციალური კლიპი, რომელშიც მე საფრთხობელად გამომიყვანა. მაკრონს და მის მეგობრებს ეტყობა ძალიან ეშინიათ. მათ 2019-ში სახალხო გაზაფხული აღგვის.”

7 იანვარს, ლუიჯი დი მაიომ (Luigi Di Maio) 5 ვარსკვლავის მოძრაობის ოფიციალურ ბლოგში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მხარი დაუჭირა “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო მოძრაობას საფრანგეთში და მათ მოუწოდა “არ ჩამოეშვათ ხელები”.

ეს უპრეცედენტო მოვლენაა: თანამედროვე ისტორიაში არასდროს მომხდარა, ევროკავშირის ერთი ქვეყნის ლიდერს მეორე ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური მოძრაობისათვის დაეჭიროს მხარი, რომელიც საკუთარი მთავრობის დამხობისაკენ მოუწოდებს.

ამ წერილის გამოქვეყნებიდან სულ ცოტა ხანი გავიდა და მატეო სალვინიმ არ გაუშვა ხელიდან შემთხვევა თავისი “საყვარელი მტრის”, მაკრონისათვის ჩაეზილა წიხლი: მანაც გამოხატა მხარდაჭერა “ყვითელი ჟილეტებისადმი”, როგორც “პატიოსანი მოქალაქეებისადმი, რომლებიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ პრეზიდენტს უცხადებენ პროტესტს”.

20 იანვარს, დი მაიომ ევროკავშირს მოუწოდა “სანქციები დაუწესონ” საფრანგეთს და მსგავს ქვეყნებს, რომლებმაც, მისი განცხადებით, “აფრიკის გაღარიბება გამოიწვიეს” და თავისი “კოლონიალისტური” პოლიტიკით მიგრანტებს ევროპისაკენ უბიძგებენ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტალიის ელჩი ტერეზა კასტალდო (Teresa Castaldo) მეორე დღესვე დაიბარა ამ “მიუღებელი” განცხადების გამო.

22 იანვარს მატეო სალვინიმ იმედი გამოთქვა, რომ “ფრანგი ხალხი” მალე თავიდან მოიშორებს “ძალიან ცუდ პრეზიდენტს”. ამავე დროს, იტალიის პრემიერი, ჯუზეპე კონტე თითქოს შეეცადა უკიდურესად დაძაბული ვითარების დამშვიდებას და ორი ქვეყნის “ისტორიულ მეგობრობას” გაუსვა ხაზი.

ამაოდ. საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ნატალი ლუაზომ (Nathalie Loiseau) მეორე დღესვე განაცხადა საფრანგეთი იტალიის ლიდერებთან “კრეტინების კონკურსში” მონაწილეობას არ აპირებსო და აღნიშნა, არსებულ ვითარებაში “საფრანგეთის ოფიციალური პირების იტალიაში ვიზიტები არ განიხილებაო”.

გავიდა რამდენიმე დღე და ქაიროში, ეგვიპტეში ვიზიტად მყოფმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა: “იტალიელი ხალხი ჩვენი მეგობარია და თავისი ისტორიის შესაფერ სიმაღლეზე მყოფ მმართველებს იმსახურებსო”.

ამ განცხადებებიდან ერთი კვირის თავზე დაძაბულობა კრიტიკულ ეტაპზე გადავიდა. ლუიჯი დი მაიომ სოციალურ ქსელებში გამოაცხადა, რომ 5 თებერვალს, პარიზის გარეუბანში, “ყვითელი ჟილეტების” ლიდერებს შეხვდა.

“საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა”, “მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უპრეცედენტო შეტევა”, განაცხადა ოფიციალურმა პარიზმა ორი დღის განსჯის შემდეგ და იტალიიდან თავისი ელჩი “კონსულტაციებისთვის” გამოიწვია.

საპასუხოდ, მატეო სალვინიმ და ლუიჯი დი მაიომ განაცხადეს, რომ “მზად არიან დიალოგისათვის” საფრანგეთის მთავრობასთან.