Site icon Civil.ge

ენით დაკოდილნი

წარწერა პლაკატზე: "შეგჭამთ". ცხვარი მეგობარს: "ეს სიმართლეს მაინც ლაპარაკობს". კარიკატურა: პოლ ნოტი, ნიუ იორკერისთვის (Paul Noth, The New Yorker)

პოპულისტი რისი პოპულისტია, როყიო სიტყვების ეშინოდეს. ახალი ყაიდის ევროპელი ლიდერებიც არ ჩამორჩებიან ტრადიციებს და ზოგჯერ ისეთს წამოროშავენ, ვინძლო ჩვენს შინაურ პოლიტიკოსებსაც მოედოთ ლოყებზე ალმური.

ამ დღეებში თავი ორმა პატივცემულმა გვამმა განსაკუთრებით გამოიჩინა.

პირველი მათგანი იტალიური “ფორცა იტალიას” (Forza Italia) – სილვიო ბერლუსკონის შობილი მემარჯვენე-ცენტრისტულ-პოპულისტური პარტიის – წარმომადენელი ანტონიო ტაიანი (Antonio Tajani) გახლავთ, რომელიც დღესდღეისობით არც მეტი და არც ნაკლები, ევროპარლამენტის თავმჯდომარე გახლავთ, მემარჯვენე ევროპული სახალხო პარტიიდან (EPP).

უნდა ვაღიაროთ, ბერლუსკონის ამქარი იტალიის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან შედარებით მედავითნე ბერებივით სათნოდ გამოიყურება – ჯერ საფრანგეთთან რომის მიერ მოწეული დიპლომატიური სკანდალი რად ღირს.

ჰოდა ტაიანიც მარაქაში გაერია. კვირას, 10 თებერვალს სწორედ საფრანგეთის ბატალიის ერთ-ერთ გმირთან, შსს მინისტრ მატეო სალვინისთან (Matteo Salvini) ერთად მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა მოსახსენიებელ ცერემონიაზე იმყოფებოდა, როდესაც ჩვენმა ტაიანიმ ასეთი რამ თქვა:

“გაუმარჯოს ტრიესტს! გაუმარჯოს იტალიის ისტრიას, გაუმარჯოს იტალიის დალმაციას! გაუმარჯოს დევნილებს, გაუმარჯოს ჩვენი მამულის იდეალებს!”

სისხლიანი აჩრდილები

აქვე გავიხსენოთ, რომ ტრიესტისა და მისი შემოგარენის ისტორია მე-20 საუკუნეში სისხლითაა მორწყული. მე-19 საუკუნეში ავსტრო-უნგრული ზღვისპირა რივიერის უდარდელი ცხოვრება მე-20-ს დასაწყისში იტალიური ნაციონალიზმის აღზევებამ დაასამარა. პირველ მსოფლიო ომში იტალიის მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ტრიესტის დაბრუნება იყო. გამარჯვების შემდეგ, იტალიამ ტრიესტის ანექსია მოახდინა – თავისი სლოვენი და ხორვატი მოსახლეებით. სწორედ მათ წინააღმდეგ დაირაზმნენ “შავპერანგიანები” და იტალიური ფაშიზმის სისხლიანი აღზევებაც დაიწყო. 1930-იანი წლებისთვის, ტრიესტი და მისი შემოგარენი მუდმივი ზეწოლის ქვეშ მყოფმა 150 ათასამდე ადამიანმა – სლოვენებმა, ხორვატებმა, გერმანელებმა – დატოვა. მალე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და იტალია კიდევ უფრო ღრმად შეიჭრა სლოვენიაში. ათასობით ადამიანი საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპა. 1943 წლიდან, ტრიესტი გერმანელებმა დაიკავეს და პირდაპირ მართავდნენ ომის ბოლომდე.

1945 წელს, ტრიესტი იუგოსლაველმა და იტალიელმა პარტიზანებმა გაათავისუფლეს, მოკავშირეების მხარდაჭერით. იუგოსლავებმა სრული კონტროლი ქალაქზე 12 ივნისს მოიპოვეს, და სწორედ აქედან დაიწყო “ტრიესტის ორმოცი დღე” – საშინელი შურისძიების პერიოდი, რომლის დროსაც ასობით ადამიანი დახოცეს ანდა საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსეს. მოკავშირეებმა ეს სიმხეცე დაგმეს და ტრიესტის მართვაში ინგლისისა და ამერიკის ჯარები ჩაერთვნენ. 1947 წელს ტრიესტი გაეროს მანდატის ქვეშ ქალაქ-სახელმწიფოდ გამოცხადდა და ორ ზონად დაიყო – პირველს (საკუთრივ ქალაქ ტრიესტის ჩათვლით) დასავლელი მოკავშირეები აკონტროლებდნენ, მეორეს – იუგოსლავიის არმია. 1954 წლის შეთანხმებით, პირველი ნაწილი იტალიას დაუბრუნდა, მეორე კი საბოლოოდ შეუერთდა იუგოსლავიას, ამ ქვეყნის დაშლის შემდეგ კი – სლოვენიასა და ხორვატიას შრის გაიყო.

ცალყბა ბოდიში

ტაიანი იტალიურად კი საუბრობდა, მაგრამ ისტორიიდან გამომდინარე გასაკვირი სულაც არაა, რომ მისი ნაციონალისტური გამოხტომა სლოვენიასა და ხორვატიაში გულზე მოხვდათ, რადგან მათ ტერიტორიებზე პრეტენზიის გამოთქმად აღიქვეს.

ტაიანის ბოდიშის მოხდამ მოუწია. “აზრად არავის შეურაცხყოფა მომსვლიაო” ჩაილუღლუღა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და თქვა – “მაპატიეთ, თუკი ჩემი სიტყვები ვინმემ არასწორად გაიგო, ისტრიასა და დალმაციის მოხსენიებით ტერიტორიულ პრეტენზიის წამოყენებას არ ვლამობდიო”.

მოკლედ ასეა საქმე: შეიძლება ასი წლის წინ იმის იმედი ჰქონოდა ვინმეს, რომ ევროპაში შენს – საკმაოდ გავრცელებულ – ენაზე ნათქვამ ფრაზას ყურადღებას არავინ მიაქცევდა, მაგრამ ის დროც წარსულს ჩაბარდა და, იმედია, პოპულისტების როყიო გამონათქვამების ყურს მიღმა გატარებაც.

ო, ენავ ჩემო…

სამაგიეროდ, ევროპაშიც არის ხალხი, რომლის ენაც თანამოქალაქეების გარდა ცოტა ვინმეს თუ ესმის. ამ მხრივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს (Viktor Orbán) ნამდვილად გაუმართლა. მისივე თვლით, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრები უნგრელების ჩათვლით, სულ რაღაც 15 მილიონი ადამიანი თუ გაიგონებს ხოლმე მის ნათქვამ სიბრძნეს.

სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ?!) არსებობს გამონაკლისებიც – იმ ტაიანისათვის უბედო 10 თებერვალსვე, ბ-ნი ორბანი პარლამენტში მივიდა და ერში არსებული ვითარების შესახებ მოხსენებით წარსდგა, რომელიც მყის ინგლისურად ითარგმნა… თუმცა ალბათ ჯობდა მხოლოდ უნგრულ ენაზე დარჩენილიყო.

რაო ვითომ, რა მინდაო? ბუნებრივიცაა, რომ ორბანმა ასეთი გამოსვლის უდიდესი ნაწილი თავის ქებას დაუთმო, მაგრამ შიგადაშიგ საინტერესო ამბებიც გამოურია.

ორბანის თქმით, უნგრეთი წარმატებული პატარა ქვეყანაა და შეიძლებოდა კიდევ უფრო წარმატებული ყოფილიყო, შემთხვევით ბოროტების კულტის მსახურთა კლანჭებში რომ არ აღმოჩენილიყო. ამ კულტს ევროკავშირი ჰქვია.

სწორედ ამ ევროკავშირის მმართველი კლასის ალყაში მყოფი მადიარები, ორბანის თამადობით იგერიებენ ანტი-უნგრულ შეთქმულებას, რომელსაც სათავეში გავლენიანი მოგვები – ჯორჯ სოროსი (George Soros) და ფრანს ტიმერმანსი (Frans Timmermans) უდგანან, ხოლო ზურგს კი მათ “ბრიუსელელი ბიუროკრატები” და ბოროტი არასამთავრობო ორგანიზაციები უმაგრებენ.

რა ეშველება უნგრელ ხალხს?! ორბანის თქმით, თავის გადასარჩენად და ევროპის რუქაზე უნგრული ფერის შესანარჩუნებლად ერთი გამოსავალია – ერმა რაც შეიძლება მეტი შვილი უნდა იყოლიოს.

ვაჭარბებთ? ინებეთ, ბატონო, ციტატა:

“მას შემდეგ, რაც ჯორჯ სოროსმა იმიგრაციის მხარდამჭერი რაზმების სათავეში ერთი სოციალისტი, გვარად ტიმერმანსი დანიშნა, ჩვენ ღია ბრძოლა გამოგვიცხადეს. ის თავში უდგას იმიგრაციის მხარდამჭერ პოლიტიკოსთა სიას. დიაღ, ქალბატონებო და ბატონებო, სწორედ ესაა ევროპული არჩევნების ჭეშმარიტი მიზანი, სწორედ ამისათვის ემზადება ბრიუსელი. ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ პრო-იმიგრაციული უმრავლესობის ჩამოყალიბება [ევროპარლამენტში].”

“ახლა მოქმედების დროა. ჩვენ უნდა უარვყოთ ფინანსისტები, რომელთაც თავი ნახევარღმერთებად მოაქვთ; უნდა უარვყოთ ბრუსელის ბიუროკრატები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან; და უნდა უარვყოთ ყალბი სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები – იმათ ფულზე მოსუქებული აქტივისტები – ვისაც სურთ გვასწავლონ როგორ ვიცხოვროთ და ვისთან, როგორ ვისაუბროთ, და როგორ უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები. მათ ვერ უნდა შემოაღწიონ ჩვენს თავდაცვის ზღუდეში. ისინი ვერ იპოვნიან ერთ დირესაც კი.”

ევროკავშირის პასუხი? ჯერჯერობით – სიჩუმე.