მარნეულის მერი თემურ აბაზოვი, რომელსაც პროკურატურა მარნეულის ერთ-ერთი მკვიდრის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავება, მარნეულის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართავს.
აბაზოვის განმარტებით, „ასეთი ბრალდებით“ მიზანშეწონილი არ იქნება, თუ ის მუშაობას კვლავ იმავე თანამდებობაზე გააგრძელებს. „ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, სადაც არანაირი სამხილი და არანაირი ფაქტები არ არსებობს, რომ მე ვიღებდი მონაწილეობას და რამე გამეკეთებინოს“, – აცხადებს ის.
აბაზოვს მერის უფლებამოსილება შეჩერებული აქვს და მარნეულის მერის მოვალეობებს მისი პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე ასრულებს. მარნეულის საკრებულო თემურ აბაზოვისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე რამდენიმე დღეში იმსჯელებს.
მარნეულის მერის დაკავება სტუდია მონიტორის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმს მოჰყვა. ფილმში ჩანდა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის გინებისთვის ბოდიში მოახდევინეს და ზეწოლის შედეგად, სავარაუდოდ, სახეზე შარდი წაასმევინეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)