Site icon Civil.ge

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გაათავისუფლეს

ათონელის რეზიდენცია, ფოტო: facebook.com/zourabichvilisalome/

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საინფორმაციო სააგენტოებს აცნობა, რომ რეორგანიზაციის შედეგად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 61 თანამშრომლით ნაკლები იქნება.

პრეზდენტის ადმნისტრაციის განმარტებით, პირველ ეტაპზე, თანამშრომლებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები ჩამოყალიბდა, გასაუბრების ეტაზე კი, სამსახურში, 37 თანამშრომელი დარჩა. 11 დეკრეტულ შვებულებაში იმყოფება, მათ კანონი იცავს და შესაბამისად, მათი საკითხი არც განხილულა.

ადმინისტრაციაში საშტატო რიცხოვნობის შემცირების გამო, გათავისუფლებული 61 თანამშრომლის მონაცემები, მათთვის თანაზომიერი პოზიციის მოძიების მიზნით, საჯარო სამსახურის ბიუროს გადაეცა.

„ვინც უარს იტყვის, ერთჯერადი სახით კომპენსაციას მიიღებს“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ინტერპრესნიუსთან საუბარში.

რაც შეეხება, დარჩენილ ვაკანსიებზე კონკურსების გამოცხადებას, ხატია მოისწრაფიშვილის განმარტებით, იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც ახალი საშტატო რიცხოვნობის გამო შემუშავდა, „გამოიკვეთება დარჩენილი პოზიციები და გამოცხადდება კონკურსები“.

Civil.ge-მ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან რამდენჯერმე სცადა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების რაოდენობის შემცირების შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, მას შემდეგ დაანონსდა, რაც ახალი ბიუჯეტის მიუხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება, 3.8 მლნ ლარით, ადმინისტარციის საშტატო ერთეული კი, 140-დან 60-მდე შემცირდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელი უფროსი გიორგი აბაშიშვილი ამბობდა, რომ თანამშრომელთა საშტატო ნუსხას პრეზიდენტის დელეგირებით ის ამტკიცებდა, ასე იყო ბოლო წელსაც, თუმცა მოულოდნელად, არჩევნების მეორე ტურის შემდგომ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილი პროექტი ისე შეიცვალა, რომ ანალიზი არავის გაუკეთებია საჭიროებები რა მიმართულებით უნდა განსაზღვრულიყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)