ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ღია საზოგადოების ფონდი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ერთობლივი განცხადებით ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ „განსაკუთრებით წარმატებული“ ფინანსური ორგანიზაციის წინააღმდეგ მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილებები „კითხვის ნიშნებს აჩენს“, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას „საფრთხეს უქმნის“.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მნიშვნელოვანია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განმარტოს მიღებული გადაწყვეტილება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან კონკრეტული პირების გაწვევის თაობაზე… შესაბამისმა სამართალდამცაველმა უწყებებმა საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია „თიბისი ბანკის“ ან/და მისი აქციონერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ“, – ნათქვამია 15 თებერვალს არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესები ისე წარიმართოს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმიანობა არ შეფერხდეს და ასევე პასუხი გაეცეს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, რათა „გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი შერჩევითი მართლმსაჯულების გამოყენების თაობაზე“.
This post is also available in: Русский (რუსული)