არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, პროფესიული წრეებისა და რიგითი მოქალაქეებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი ინტერნეტსივრცეში საქართველოს პარლამენტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელზე პეტიციას ავრცელებს სახელწოდებით – „მართლმსაჯულების გადასარჩენად“ და სისტემაში არსებული „კრიზისული ვითარებიდან“ გამოსასვლელად კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებს.
პეტიციის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ წლების განმავლობაში, სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებმა „მიზანს ვერ მიაღწია და შედეგი ვერ გამოიღო“, რადგან ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა არ გამოხატეს ნება, რომ უარი ეთქვათ სასამართლოს კონტროლზე. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული „მძიმედ აისახა საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებებზე, ქვეყნის რეპუტაციასა და დემოკრატიულ განვითარებაზე“.
პეტიციის ავტორები სასამართლო სისტემაში არსებული „დისკრედიტებული და რეპუტაციაშელახული“ მოსამართლეების კლანურ მმართველობაზე მიუთითებენ და განმარტავენ, რომ აღნიშნული „კლანი ალიანსში შევიდა მმართველ პარტიასთან და საკუთარ ინტერესებს მოარგო ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა“.
„სასამართლოში გაჩნდა ნეპოტიზმის და კორუფციის ნიშნები, სასამართლოში გაბატონებული კლანის მიერ იდევნება განსხვავებული აზრი“, – ნათქვამია, პეტიციაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ „შექმნილი კრიზისული ვითარება ანგრევს ნდობას სასამართლოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისადმი და არყევს საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტს“.
პეტიციის ხელმომწერები განმარტავენ, რომ „შექმნილი ვითარებიდან გამოსვლა მხოლოდ მკვეთრი გადაწყვეტილებებისა და პრინციპული რეფორმების შემთხვევაშია შესაძლებელი“. მანამდე კი, ისინი მოსამართლეთა დანიშვნების შეჩერების აუცილებლობაზეც საუბრობენ.
ამასთან, ისინი „უსამართლობის სიმბოლოდ ქცეული მოსამართლეების“ მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების თანამდებობებიდან გადადგომას ითხოვენ, რომლებაც „კლანური პრინციპით გადაწყვეტილების მიღებას“ მხარი დაუჭირეს და ხელისუფლებას ამ კლანის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
პეტიციაზე ხელმოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)