Site icon Civil.ge

ხაზარაძე თანამშრომლებს: „ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე“

TBC Bank

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა 19 თებერვალს TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის მამუკა ხაზარაძის მიერ შიდა ქსელში 7 000 თანამშრომლისთვის  გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის სახელმწიფო უწყებების მხრიდან შეტევაზე ღიად საუბრობს.

მამუკა ხაზარაძემ თანამშრომლებს წერილი იმავე დღეს გაუგზავნა, როდესაც მან ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ მედიასთან პირველად ისაუბრა. მისი საჯარო განცხადებებისგან განსხვავებით, გაცილებით პირდაპირი და მკაფიო იყო მისი თანამშრომლებისადმი მიმართვის ტონი და ტექსტიც.

„ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევის და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია ჩამოგვაშორონ მე და ბადრი [ჯაფარიძე] ჩვენს საკუთარ საქმეს. ასევე, ჩვენ და ბანკს დაგვაბრალონ ყველაზე საშინელი დანაშაული ფულის გათეთრება, შემდეგ დაეპატრონონ ბანკს“, – მიმართავს ის საკუთარ თანამშრომლებს.

„ამას არ დავუშვებთ!“, – აცხადებს ის და განმარტავს, რომ „დღეს, როგორც არასდროს, ერთად დგომა არის გადარჩენის ერთადერთი შანსი“. ხაზარაძისვე თქმით, „ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე“, რისთვისაც „გამძლეობა და სიმამაცეა“ საჭირო.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში TBC ბანკის მიერ უკანონო შემოსავლების შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტზე, რომელიც 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება, გამოძიების დაწყების შესახებ მიმდინარე წლის 9 იანვარს განაცხადეს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 13 თებერვალს განცხადება გაავრცელა და თიბისი ბანკის აქციონერებისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)