Site icon Civil.ge

მმართველი გუნდი მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერების შესახებ ბესელიას ინიციატივას მხარს არ დაუჭერს

ქართული ოცნების ცენტრალური ოფისი თბილისში, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერების შესახებ მათივე თანაგუნდელის, ეკა ბესელიას ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ 20 თებერვალს, პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, მმართველი გუნდის მხრიდან საკითხის გარშემო დისკუსიაზე მზადყოფნის მიუხედავად, უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, კანონპროექტი მომზადდა, რომელიც ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებულ კონსტიტუციურ დებულებებს ეწინააღმდეგება.

ირაკლი კობახიძის თქმით, ინიციატივის არსებული ფორმით მიღების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა რაოდენობა განახევრდება. ამან კი, შესაძლოა, სასამართლო სისტემის პარალიზებაც გამოიწვიოს. „ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მანვე დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე იმგვარი წინადადების მომზადებისთვის მზაობაც გამოხატა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იქნება და სასამართლოს გადატვირთულობის კუთხით არსებულ პრობლემას არ გააღრმავებს. „ამ მიზნით, მივმართავთ ვენეციის კომისიას, ინიციატივის საწყის ეტაპზევე ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში“, – დასძინა მანვე.

კობახიძის განმარტებით, მმართველი გუნდი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მუშაობას აგრძელებს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის, დისციპლინური წარმოებისა და სასამართლოების გადატვირთულობის საკითხებს მოიცავს.

პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებით დაინტერესებულ ყველა მხარეს სისტემის რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ დისკუსიაში „ღიად“ და „კონსტრუქციულად“ ჩართვისკენ მოუწოდა. „მმართველი გუნდი იმოქმედებს სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და შექმნის ყველა პირობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მანვე.

ბესელიას პასუხი

ირაკლი კობახიძის განცხადებას დეპუტატი ეკა ბესელია გამოეხმაურა. მისი განმარტებით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს ინიციატივის მომზადების თაობაზე, მმართველი გუნდისთვის ცნობილი არ იყო. „მე ორჯერ დავაყენე საკითხი, მათ შორის, ბოლო სხდომაზე, უვადოდ მოსამართლეთა გამწესების შეჩერებას დაუჭერდით თუ არა მხარს. იდეას დაეთანხმა ყველა“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ასევე არასწორია პარლამენტის თავმჯდომარის არგუმენტი მოსამართლეთა რაოდენობის შემცირების შესახებ. ბესელიას შეფასებთ, „ასეთ არასწორ ინტერპრეტაციებს“ სწორედ ის იწვევს, რომ უმრავლესობის შიგნით ამ პროექტზე კონსულტაცია და მსჯელობა არ ყოფილა.

დეპუტატების 9 კაციანმა ჯგუფმა, ეკა ბესელიას თაოსნობით, პარლამენტს სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში 2025 წლამდე მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით 7 თებერვალს მიმართა. ინიციატივის ავტორები განმარტავდნენ, რომ მათი წინადადება საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში არსებულ სპეციალურ მუხლს ეფუძნებოდა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლამდე მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერება შესაძლებელია.

ისინი ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზეც მიუთითებდნენ, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა უნდა ჩატარდეს და სასამართლო სისტემაში ახალი მოსამართლეები შევიდნენ.

სასამართლო სისტემის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურ ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)