Site icon Civil.ge

სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტს და კანცლერს შეხვდა

Angela Merkel and Salome Zurabihvili, Berlin February 20, 2019. Photo: facebook.com/zourabichvilisalome

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 20-21 თებერვალს ბერლინს სტუმრობს, გუშინ თავის გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა.

შეხვედრებზე სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუცია, საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა და ქვეყნის წინაშე არსებული გამომწვევები მიმოიხილა.

„საქართველოს მეგობრები და პარტნიორები: გერმანელები, ფრანგები, ამერიკელები უფრო აქტიურად [უნდა] ჩაერთონ დიალოგში, გაუმეორონ რუსეთს და როგორღაც გააგებინონ, რომ საჭიროა, პოზიციები შეიცვალოს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა მერკელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელოვაზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „დრო მოვიდა, მოვითხოვოთ მეტი ჩვენი პარტნიორებისგან და მათ გამოიყენონ საკუთარი ბერკეტები“.
გერმანიის კანცლერის პრესსამსახურმა მანამდე განაცხადა, რომ გერმანიისა და საქართველოს ლიდერები ორმხრივ ურთიერთობებს, სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციას და ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს განიხილავდნენ.

ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნის ევროპული მისწრაფებები საქართველოს პრეზიდენტმა თავის გერმანელ კოლეგასთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზეც განიხილა, სადაც მან საქართველოს ევროპული ოჯახის წევრად გახდომაში გერმანიისა და საფრანგეთის როლს ხაზი გაუსვა.

მოგვიანებით, ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ ის მოხარულია, რომ გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

სალომე ზურაბიშვილი გერმანიას პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. მანამდე, 17-19 თებერვალს ის ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)