ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა, 21 თებერვალს 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 10 ფინალისტს შორის დასახელდა.
მასწავლებლის გლობალური ჯილდო, რომელიც ვარკის ფონდის ინიციატივაა, 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის გამორჩეულ მასწავლებელს გადაეცემა.
ვარკის ფონდის ინფორმაციით, წლევანდელ 10 ფინალისტს შორის არიან მასწავლებლები „პლანეტის ყველა კუთხიდან“, რაც „მასწავლებლების მიღწევების და იმ უზარმაზარი ზეგავლენის მაჩვენებელია, რასაც ისინი ჩვენს ცხოვრებაზე ახდენენ“.
ვლადიმერ აფხაზავა აცხადებს, რომ სწავლება მისი გატაცებაა, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს და ის უკეთესობისკენ შეცვალოს. მისი თქმით, ის მუდმივად ცდილობს, რომ სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის კომფორტული, სახალისო და დასამახსოვრებელი გახადოს.
აფხაზავას თქმით, ჯილდოს მოპოვების შემთხვევაში, ის ადგილობრივი სკოლებისთვის კომპიუტერული ტექნიკისა და უცხოენოვანი წიგნების ყიდვას აპირებს და გაჭირვებულ მოსწავლეებს უმაღლესი განათლებისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება.
43 წლის ვლადიმერ აფხაზავა 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.
მასწავლებლის გლობალური ჯილდო გამარჯვებულს 24 მარტს დუბაიში დაგეგმილ გლობალური განათლების და უნარების ფორუმზე გამოავლენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)