საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 21 თებერვალს პირველი ოფიციალური ვიზიტით ერევანს ესტუმრა, სადაც მას სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იზორიამ და ტონოიანმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა, ასევე საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
„გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პირობები [ურთიერთობებში] და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნების სტაბილური და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისთვის ძალიან წარმატებული იქნება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთის და საქართველოს მნიშვნელობას ერთმანეთისთვის, უსაფრთხოების, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურის და ბევრ სხვა სფეროში. მანვე ერთმანეთის პრეფერენციების მიმართ ორი ქვეყნის პატივისცემასა, უფრო უსაფრთხო და აყვავებული სამხრეთ კავკასიის იდეის მიმართ რწმენაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა 2019 წლის თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი, რაც რიგ ერთობლივ საქმიანობებს მოიცავს, მათ შორის, სამხედრო განათლებისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროებში.
ვიზიტის ფარგლებში, იზორია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და საგარეო საქმეთა მინისტრს ზოჰრაბ მნაცაკანიანსაც შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)