Site icon Civil.ge

საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღეს იხსენებენ

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 1921 წელს გმირულად დაღუპული იუნკრების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. 25 თებერვალი, 2019, ფოტო: president.gov.ge

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სამთავრობო შენობებზე დროშები ნახევრად დაუშვეს. 1921 წლის 25 თებერვალს რუსულმა ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ თბილისზე კონტროლი დაამყარა.

საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში ოფიციალურად მას შემდეგ აღინიშნება, რაც 2010 წელს პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც კომუნისტური საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების ასიათასობით მსხვერპლის მოსახსენიებლად, მთავრობას ყოველ 25 თებერვალს სხვადასხვა მემორიალური ღონისძიებების ორგანიზება დაავალა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის წევრებმა, ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა და სამხედრო ოფიცრებმა დღეს 1921 წელს გმირულად დაღუპული იუნკრების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

,,აქ, ამ ადგილზე, თბილისის გადარჩენისათვის დაიღუპა იუნკერების დიდი ნაწილი. ეს დღე საქართველოსათვის ძალიან მძიმე დღეა, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არ დასრულებულა, ის დღესაც გრძელდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ტაბახმელაში გამართულ ცერემონიაზე.

მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „დღეს არის უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში – საბჭოთა ოკუპაციის დღე… მე ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას“.

ბოლშევიკურმა რუსულმა არმიამ საქართველოს დედაქალაქი რამდენიმედღიანი მწვავე ბრძოლების შემდეგ 1921 წლის 25 თებერვალს დაიპყრო. ბოლშევიკებმა სოციალ-დემოკრატიული მთავრობა ჩამოაგდეს, რითაც ქვეყნის ხანმოკლე სახელმწიფოებრიობა დასრულდა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)