„კოალიცია თანასწორობისთვის“, რომელიც ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის მიერ 26 თებერვალს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ თემთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებს.
კოალიცია დეპუტატს მოუწოდებს, რომ მისი პოლიტიკური ხედვები „მოქალაქეობის კონსტიტუციურ იდეას დაუახლოვოს და მოქალაქეების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება არ დაუშვას“.
26 თებერვალს პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების პრობლემებისა და მათი გადაჭრის მექანიზმებზე იმსჯელეს.
არასამთავრობოების კრიტიკა ჯაშის მიერ სწორედ ამ შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, „საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის ჩვენ უფრო მეტ სიკეთეს ვქმნით და ვთავაზობთ“ და რომ „ანალოგიურად [უნდა] მოხდეს გათანაბრება აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებების, როგორც განათლებაზე, ისე სხვა სოციალურ სერვისებზე“.
კოალიცია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველების „მძიმე უფლებრივ მდგომარეობასთან“ დაკავშირებით მარიამ ჯაშის პოზიციას იზიარებს და ამ საკითხებზე სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით საჯარო დისკუსიების დაწყების მნიშვნელობაზე საუბრობს. თუმცა, კოალიციაში შემავალი არასამათავრობოები მიიჩნევენ, რომ დეპუტატის განცხადებაში „პრობლემას“ ქმნის აზრი, სადაც მან საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანული თემი სხვა სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების საგნად განიხილა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ „ნაცვალგების მიდგომა გამოიყენა“.
„საკუთარი მოქალაქეების სხვა სახელმწიფოსთან პირდაპირი დაკავშირება არსებითად აზიანებს ინტეგრაციის პროცესს და აღრმავებს ეთნიკური უმცირესობების გარიყულობასა და იზოლაციას“, – ნათქვამია კოალიციის მიერ 27 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
არასამთავრობოები მარიამ ჯაშს ახალი, დამაზუსტებელი, საჯარო განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებენ.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ 2009 წლის მონაცემების მიხედვით, აქ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის რაოდენობა მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0,1 %-ს შეადგენს (9 900). აქედან ყველაზე მეტი ქალაქ ბაქოში, ასევე კახის, ბელაქნისა და ზაქათალის რაიონებში ცხოვრობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)