Site icon Civil.ge

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვას პრეზიდენტს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი და დალია გრიბაუსკაიტე, 7 მარტი, 2019, ფოტო: lrp.lt

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 7-8 მარტს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას სტუმრობს, დღეს მის კოლეგას დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და კიბერ-საფრთხეებზე ისაუბრეს.

პრეზიდენტმა გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით არსებულ „უდიდეს პროგრესს“ მიაღწია და აღნიშნა, რომ საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის უდავო ლიდერი ქვეყნაა“. გრიბაუსკაიტემ ნატო-საქართველოს შორის არსებულ პოზიტიურ ურთიერთობასაც გაუსვა ხაზი და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ ლიეტუვას „მტკიცე მხარდაჭერა“ კიდევ ერთხელ გამოხატა.

ორმა პრეზიდენტმა „შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა“ და მის შედეგებზე გაამახვილეს ყურადღება და რუსეთის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპაციის საკითხზეც იმსჯელეს.

„ათ წელზე მეტი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული აგრესიის შემდეგ, ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის მცოცავ ოკუპაციას“, – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველო ლიეტუვას მაგალითს მიჰყვება.

„დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ეს მეგობრობა და მხარში დგომა, რადგან ჩვენ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების მიმართულებით ახალ ეტაპზე ვართ გადასული, სადაც თვითონ ევროკავშირს აქვს საკუთარი შიდა გამოწვევები და ჩვენ უნდა მოვნახოთ ჩვენი ადგილი ამ პერიოდში ჩვენი მეგობრების დახმარებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„ნატოსთან ურთიერთობაში ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მზადყოფნა, – ეს იქნება სამხედრო, თუ ჩვენი რეფორმების კუთხით, რომელიც გრძელდება, მიმდინარეობს და გადასული ვართ ყველაზე გადამწყვეტ ეტაპებზე. ჩვენ ეს გზა უნდა გავაგრძელოთ“, – დასძინა მანვე.

ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ და ლიეტუვამ, შავი და ბალტიის ზღვის რეგიონების პატარა ქვეყნებმა დიდი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ძალების მქონე ქვეყნების ფონზე, ყველაფერს უნდა გაუძლონ.

ვილნიუსში ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვას პარლამენტის სპიკერს ვიქტორას პრანცკიეტისს შეხვდა. მოგვიანებით ის ქვეყნის პრემიერს საულიუს სკვერნელისსაც შეხვდება.

ხვალ სალომე ზურაბიშვილი მის კოლეგასთან ერთად ლიეტუვას კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრს ეწვევა, სადაც ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერენ ხელს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)