Site icon Civil.ge

TBC ბანკის საქმეზე პროკურატურამ გიორგი ქადაგიძე გამოკითხა

ფოტო: facebook.com/TbilisiCitycourtofficial/

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დღეს TBC ბანკის საქმეთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაიბარეს.

საქმე TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წელს შესაძლო ფულის გათეთრების მოტივით დაწყებულ გამოძიებას ეხება. იმ დროს გიორგი ქადაგიძე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელობდა, რომელიც ეროვნულ ბანკს ექვემდებარებოდა.

გამოკითხვიდან გამოსულმა ქადაგიძემ განაცხადა, რომ მას მხოლოდ ორი შეკითხვა დაუსვეს, რომელიც ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციებსა და 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტს ეხებოდა. მისი თქმით, „არანაირი კონკრეტული საუბარი არც ტრანზაქციაზე, არც ამ საქმეზე არ ყოფილა და ვერ იქნებოდა“.

„დღევანდელი გამოკითხვის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგულატორთან კითხვები არ არსებობს. ძირითადი კითხვები ეხებოდა ფუნქცია-მოვალეობებს ზედამხედველობის სააგენტოსი… და კონკრეტულ აქტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ძალიან რთულ პერიოდს [2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი] ეხება და კონკრეტული შემოწმების აქტს, რომელიც კავშირში უშუალოდ ამ ტრანზაქციასთან არ არის“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ქადაგიძემ და დასძინა, რომ იგი მისი ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე „პასუხისმგებლობას“ სრულად იღებს.

მისი თქმით, იგი გამორიცხავს, რომ ზედამხედველების სააგენტოს თანამშრომლებს საკუთარი მანდატის ქვეშ რამე საკითხი „გამოპარვოდათ“ ან „გულგრილობა“ გამოეჩინათ.

„როგორც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ყოფილი უფროსი, შემიძლია ვთქვა, რომ თუ დამატებითი ძალიან სერიოზული მტკიცებულებები პროკურატურის მხრიდან არ იქნება წარმოდგენილი, ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაში ძალიან რთულად დასანახია“, – განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, საკითხის სენსიტიურობის გათვალისწინებით, საქმის ყველა მონაწილის მხრიდან მნიშვნელოვანია საჯაროობა.

ჟურნალისტებთან კომენტარი საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმაც გააკეთა. მისი განმარტებით „ქადაგიძემ გამოძიების შეკითხვებს პასუხი „ვერ გასცა“. როგორც მან განაცხადა, არც TBC ბანკის შემოწმების პროცესი ახსოვს და არც TBC ბანკის შემოწმების შედეგები, შესაბამისად, გამოძიებას მან ვერ მიაწოდა ვერანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ვინაიდან აცხადებს, რომ ეს დეტალები მას არ ახსოვს“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ქადაგიძემდე ორი დღით ადრე, თბილისის საქალაქო სასამართლოში TBC ბაკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამოკითხეს, რომელმაც გამოძიებას შს მინისტრისგან მიღებული წერილის ასლი გადასცა. მისივე თქმით, წერილის დედანი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

6 მარტს მთავარმა პროკურატურამ ხაზარაძის მიერ გამოძიებისთვის გადაცემული წერილის ასლი გაასაჯაროვა და განმარტა, რომ ამ ეტაპზე გამოძიება ბანკირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმებისა და უყტუარობის დადგენის შესაძლებლობას მოკლებულია, რადგან დოკუმენტს „არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები“.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილიდან ჩანს, რომ ხაზარაძეს, სავარაუდოდ, სამი პუნქტის შესრულებას სთხოვდნენ. მათ შორის, არჩევნების მეორე ტურის წინ, ნაციონალური მოძრაობის რევანშის მიუღებლობის შესახებ ოფიციალური განცხადება იყო, რაც, როგორც მისმა ადვოკატმა განმარტა, ბიზნესმენმა შეასრულა კიდეც.

მთავარ პროკურატურაში TBC ბანკის მიერ უკანონო შემოსავლების შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ მიმდინარე წლის 9 იანვარს განაცხადეს. გამოძიება ბანკის მიერ 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას სწავლობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)