Site icon Civil.ge

მმართველი გუნდი ანაკლიის პორტის შესახებ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი: anakliadevelopment.com

TBC ბანკის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებასთან მიმართებით კითხვის ნიშნები გააჩინა. მიუხედავად ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებებისა, რომ პროექტის განხორციელება მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მათ მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები გარკვეულ ბუნდოვანებას აჩენს. Civil.ge ამ განცხადებებს გთავაზობთ.

ამბის პრეისტორია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტია, რომლის მთავარი პარტნიორი TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების უფლება 2016 წელს TBC ჰოლდინგისა და ამერიკული Conti INternational-ის ერთობლივმა კონსორციუმმა მოიპოვეს. ანაკლიაში პირველი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო.

მამუკა ხაზარაძემ და მისმა ყოფილმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები თებერვალში, ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე დატოვეს. პარალელურად პროკურატურაში მათ მიმართ ფულის შესაძლო გათეთრების საკითხზე გამოძიება მიმდინარებს.

ხაზარაძე აცხადებს, რომ TBC ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები და მათ მიმართ წაყენებული ბრალდებები ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსების მობილიზებას ართულებს.

მამუკა ბახტაძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი (8 მარტი): „მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი მთავრობისთვის. ამაზე ბრიუსელშიც ვისაუბრე და მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ პროექტი იდენტიფიცირებულია ევროკავშირის პრიორიტეტულ საინვესტიციო ნუსხაში. ამავე დროს, მადლობას ვუხდი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც მაღალი პერსპექტივით უყურებენ ამ პროექტს… აქედან გამომდინარე, მინდა დავსვა ძალიან ლოგიკური კითხვა – როგორ შეიძლება, ამის შემდეგ ენა მოუბრუნდეს ვინმეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პორტის პროექტის რეალიზაცია?! ეს არის ყველაზე იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია და ამავე დროს უპასუხისმგებლობა, რაც ბოლო პერიოდში მომისმენია. თუ ვინმეს აქვს გაცნობიერებული, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და ამავდროულად არის პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე, ის საკუთარ თავს ამის უფლებას არ მისცემს“.

ირაკლი ღარიბაშვილი – ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი (5 მარტი): „რაც შეეხება ანაკლიის პორტს, სამი წელი გავიდა და როგორც მახსოვს 2016 წელს მოიგეს ეს ტენდერი [TBC ჰოლდინგმა] და რატომ მოხდა ვადების დარღვევა და რატომ არ დაიწყო მშენებლობა ამ პორტის? ხომ არ იყო პრობლემა იმასთან, რომ მათ უბრალოდ დაფინანასება ვერ მოიპოვეს თავის დროზე ან უბრალოდ დაფინანსებადი პროექტი არ იყო? მე არ ვიცი, ამით დაინტერესდნენ ექსპერტები…“.

გიორგი გახარია – შინაგან საქმეთა მინისტრი (6 მარტი): „მე როგორც ვიცე-პრემიერს და ყოფილი ეკონომიკის მინისტრს, ძალიან კარგად მესმის ამ ქვეყნისთვის და ამ სახელმწიფოს მომავლისთსვის და ეკონომიკური მომავლისთვის რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. დღეს როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ასევე ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის – კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია. საერთოდ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ეკონომიკაზე, ასევე უსაფრთხოებაზე. უკიდურესად სამწუხაროა, რომ სკანდალებით, რაღაც შეთქმულების თეორიებით ადამიანები ცდილობენ თავიანთ ვალდებულებებს თავი აარიდონ და ამით დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები“.

არჩილ თალაკვაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი (6 მარტი): „ვინაიდან, მხარეს ანაკლიის პორტის საკითხი მოჰყავს ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად და არის მუდმივი საუბარი, რომ ხომ არ უკავშირდება ეს საქმე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხს, მინდა ხაზგასმით და პირდაპირ განვაცხადო, ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებისთვისაც სახელმწიფო აკეთებდა და გააკეთებს ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რა განწყობები და კერძო ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა პირებს ამ პროექტთან დაკავშირებით“.

გიორგი ქობულია – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი (7 მარტი): „ნეგატიური ფონი, რომელიც დღეს შეიქმნა მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით, კიდევ უფრო ურთულებს კერძო ინვესტორებს, რომ შეაგროვონ ის მინიმალური რაოდენობით საკუთარი კაპიტალი, რომელიც საჭიროა, რომ ეს პროექტი დაძრან. მაგრამ ამ ამ პროექტის დაფინანსებისთვის კერძო სახსრების მოზიდვა და მათი შეგროვება იყო რთული უკვე რამდენიმე რამდენიმე ხნის განმავლობაში, მანამდეც კი, სანამ ეს პრობლემები აღმოცენდებოდა  [სახელმწიფო საკუთარი ვალდებულებების შესრულებას აჭიანურებს]. ჩვენ შევასრულებთ აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას, როგორც კი დავინახავთ, რომ მინიმალური კერძო კაპიტალი შეგროვდა და როგორც კი დავინახავთ, რომ ჩვენ მივიღეთ საფინანსო ინსტიტუტებიდან თანხმობა დაფინანსებაზე“.

ივანე მაჭავარიანი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი (7 მარტი): „სახელმწიფომ ამ პროექტთან [ანაკლიის] დაკავშირებული ვალდებულებების დიდი ნაწილი შეასრულა, ან შესრულების პროცესშია და ველოდებით იგივე დინამიკას კერძო ინვესტორების მხრიდან. ჩვენც თანდათანობით გავაკეთებთ იმისდა მიხედვით, თუ რა დინამიკას დაინახავს კერძო სექტორის მხრიდან. აქ არის დიდ თანხებზე საუბარი, ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს ამ ქვეყანას იმის ფუფუნება, რომ ჩვენ ავდგეთ და ჩავანთხიოთ რამდენიმე ასეული მილიონი და მერე წლები ვუცადოთ კერძო ინვესტორს. ეს ხომ დაკარგული ფული გამოვა? ამიტომ, ჩვენ გვჭირდება დინამიკა იქითა მხრიდან, რომ ჩვენც ამავდროულად აქედანაც განვახორციელოთ ჩვენი ვალდებულებები… აქ არის დიდი კერძო კომპონენტი, ეს უფრო მნიშვნელოვანია თანხობრივად, ვიდრე სახელმწიფოს კონტრიბუცია, თუმცა სახელმწიფოსიც საკმაოდ დიდია. კერძო ნაწილში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ არსებულმა კონსორციუმმა მოახდინოს მობილიზება თანხების, მოიზიდოს ინვესტორები და ეს პროექტი შედგეს. შესაბამისად არაფერი იცვლება ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ ანაკლიის პროექტს ისე, როგორც ვხედავდით რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეს იდეა და პროექტი ჩაისახა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)