Site icon Civil.ge

საპარლამენტო კვირა: 4-8 მარტი

ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ბიუროს სხდომა

4 მარტს ბიუროზე 5-7 მარტის პლენარულ სხომებზე განსახილველ და კენჭისაყრელ საკითხებთან ერთად, დეპუტატების: ლევან გოგიჩაიშვილის, ბექა ნაცვლიშვილის, ზვიად კვაჭანტირაძის, ასევე გია ჟორჟოლიანის და მირიან წიკლაურის უმრავლესობის ფრაქციებიდან გასვლის, ასევე გია ჟორჟოლიანისა და მირიან წიკლაურის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებში“ გაწევრიანების შესახებ მიმართვები ცნობად მიიღეს.

პლენარული სხდომები

5 მარტს პარლამენტის პლენარული სხდომა დეპუტატების განცხადებებით დაიწყო. ამის შემდეგ დეპუტატებმა „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნის შესახებ კანონპროექტი“ მეორე მოსმენით განიხილეს. მომხსენებლის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის ნათია მიქელაძის განცხადებით, პირველი მოსმენის დროს, პრეზიდენტის ინფორმირებასთან დაკავშირებით დეპუტატების მხრიდან გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებულია.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი კონსულტაციები შედგა და შემოთავაზებული არის ფორმულირება, რომლის მიხედვით პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებების ფარგლებში მისი ინფორმირების მიზნით საბჭოს სხდომაზე, შესაძლოა, პრეზიდენტის მიერ ნომინირებული და ნდობით აღჭურვილი პირი იყოს მოწვეული.

გადაწვეტილებას „თავის მოტყუება“ უწოდა პარტია “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ და განაცხადა, რომ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, პრემიერს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ნებისმიერი პირის მოწვევა ისედაც შეეძლო.

6 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეპუტატების წინაშე პირველი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. მან ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებებზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტის გამოსვლას პრეზიდენტის არჩევისას არსებული დარღვევების მიმართ პროტესტის ნიშნად ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები არ დასწრებიან.

7 მარტს დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს, რომელმაც სამინისტროს მიერ გაწეულ სამუშაოზე და უწყების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შემაჯამებელი შეხვედრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებზე

6 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დიპლომატიური კორპუსის, საპარლამენტო ოპოზიციის და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტი კანდიდატთა შერჩევის პროცესის გამჭირვალობას უზრუნველყოფს და ევროსაბჭოს ძირითად რეკომენდაციებს პასუხობს. მისი თქმით კანონპროექტი უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება.

ეკა ბესელიას ინიციატივა მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით

უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მოსამართლეთა შერჩევის წესისა და კრიტერიუმების შესახებ ინიციატივა 7 მარტს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

კანონპროექტს 13 დეპუტატი აწერს ხელს, მათ შორის, ისინი, ვინც სულ ცოტა ხნის წინ უმრავლესობის რიგები დატოვა. ხელმომწერთა შორის პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებიც არიან.

ეკა ბესელიას განცხადებით, მოსამართელთა შერჩევის საკითხზე მომზადებული კანონპროექტი მაღალი ხარისხის გამჭვირვალობის გარანტიას ქმნის.

მისივე განმარტებით, მოსამართლეთა შერჩევის ღია კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლება, თუ ის კანონით დადგენილ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. პირს, რომელიც არის 30 წლის მაინც, აქვს იურიდიული განათლება და შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, სპეციალური კითხვარის შევსება დაევალება, რომელიც ბესელიას თქმით, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ არის მომზადებული. ამის შემდეგ სიას იუსტიციის საბჭო განიხილავს და პარლამენტს წარუდგენს.

ბესელიას თქმით, მთავარი პროცესი პარლამენტში დაიწყება, სადაც არა დეპუტატებისგან, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი იმუშავებს. ჯგუფის მოვალეობაში კანდიდატებზე დეტალური ინფორმაციის შეგროვება და შემდეგ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტისთვის წარდგენა შევა. ბოლოს კი კანდიდატებს კენჭს პარლამენტი მაღალი კვორუმით უყრის.

საკომიტეტო მოსმენები

4 მარტს საგარეო საქმეთა კომიტეტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს მოუსმინეს. სხდომა ოპოზიციის დეპუტატების პროტესტის მიუხედავად, დახურულ რეჟიმში წარიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტზე მთავარი განსახილველი თემები ოკუპირებული ტერიტორიები, არაღიარების პოლიტიკა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი, „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატი, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული 2011 წლის შეთანხმება იყო.

4 მარტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესებთან დაკავშირებით, ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინეს. ბანკირებმა ბანკის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის დეტალებზე ისაუბრეს, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურაში გამოძიება მიმდინარებს.

საკომიტეტო მოსმენაზე, მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და უკვე ღიად განაცხადა, რომ მან შს მინისტრისაგან გიორგი გახარიასგან არჩევნების მეორე ტურის წინ, მუქარის შემცველი წერილი მიიღო, სადაც მას გარკვეული მოთხოვნების შესრულებას სთხოვდნენ.

4 მარტს ცხრა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე ბავშვთა უფლებების კოდექსის პროექტი განიხილეს, რომელიც დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ გააცნო.

მისი თქმით, კოდექსი აღიარებს ბავშვის უფლებებს: ღირსებას, სიცოცხლის, გადარჩენისა და განვითარების უფლებას, დისკრიმინაციის აკრძალვას. კილაძის განმარტებით, იქმნება ახალი სერვისები, რომელიც მსხვერპლი ბავშვების დახმარებისთვის იქნება გათვალისწინებული.

მისივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით სპეციალური საბჭოს შექმნა იგეგმება, რომელიც სწორედ ბავშვებზე და მათი უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი ყველა კომიტეტმა დაუჭირა.

5 მარტს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მოუსმინეს. პარლამენტის ინფორმაციით, მინისტრმა კანონმდებლებს სამინისტროს ხედვა, გატარებული ღონისძიებების და სამომავლო აქტივობების მნიშვნელოვანი მიმართულებები გააცნო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის სხდომა

4 მარტს საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატები შეარჩია. კონკურსში მონაწილე 8 კანდიდატიდან კომისიამ პარლამენტს დასამტკიცებლად სამი კანდიდატი – მიხეილ ჩიკვილაძე, მანანა ღოღობერიძე და ნინო მინდიაშვილი წარუდგინა.

შეხვედრები

პარლამენტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი გაიხსნა

7 მარტს პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი გაიხსნა, რომელიც 1993 წელს, სოხუმის დაცემის შემდეგ მოკლეს. დარბაზი პარლამენტის თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ გახსნა.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოში თემატური მოკვლევის ჯგუფები შეიქმნება

8 მარტს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით ღონისძიება გაიმართა თემაზე – „საპარლამენტო კონტროლი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“. პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა ღონისძიების მონაწილეებს ის მიმართულებები გააცნო, რომლებიც, მისი შეფასებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. აღნიშნულ მიმართულებებად თამარ ჩუგოშვილმა სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობას და ქალებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა დაასახელა, რომელთა შესახებაც გენდერულ საბჭოში ორი თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნება და მათ საბჭოს წევრები – ნინო წილოსანი და გუგული მაღრაძე უხელმძღვანელებენ.

პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე

8 მარტს პარლამენტში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევის 100 წლის აღსანიშნავ საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის ბოლო, შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმ გიორგი ვოლსკიმ კომისიის წევრებს და ჟურნალისტებს დამფუძნებელი კრების არჩევის 100 წლის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიებების რიგითობა გააცნო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)