თიბისი ბანკის საქმე მოკლედ
საქართველოს მთავარ პროკურატურაში თიბისი ბანკის წინააღმდეგ უკანონო შემოსავლების შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელიც 2008 წელს განხორციელებულ 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ტრანზაქციას ეხება.
ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხარაზაძე საგამოძიებო უწყების ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნული ტრანზაქციის კანონიერება შესაბამისი ორგანოების, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საერთაშორისო აუდიტორების მიერ უამრავჯერ შემოწმდა და მაშინ ამ მიმართულებით შენიშვნები არ გამოთქმულა. მისივე განცხდებით, ბანკი ორკესტრირებული პოლიტიკური თავდასხმის ქვეშ იმყოფება.
მოვლენების უკეთ გასაცნობად, ქვემოთ ამბის მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ.
თიბისი ბანკის შესახებ
ოფიციალური ბრალდება
პროკურატურა საქმეს საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით იძიებს, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს და სასჯელის სახით ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგამოძიებო უწყებამ გამოძიება ფინანსური მონიტორინგის სამსახუწის წინასწარი მოკვლევის საფუძველზე 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. პროკურატურის განმარტებით, TBC ბანკის, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლამ ცხადყო, რომ მათ აქტივობებში აშკარა „უკანონო შემოსავლის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგოქმედებების ნიშნები“ იკვეთებოდა.
მთავარი საგამოძიებო უწყების მიერ TBC ბანკიდან დოკუმენტაციის ამოღების შესახებ ინფორმაცია მედიაში მიმდინარე წლის 8 იანვარს იანვრის დასაწყისში გავრცელდა. პროკურატურაში გავრცელებული ინფორმაცია მეორე დღესვე დაადასტურეს.
საქმის დეტალები
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, კომპანიებმა – შპს „სამგორი M“ და „სამგორი თრეიდი“ TBC ბანკისგან საბრუნავი თანხების შევსების მიზნით, დაახლოებით 17 მლნ ამერიკული დოლარის ოდენობის სესხი აიღეს და მიღებული თანხა იმავე დღეს, სესხის სახით ფიზიკურ პირებზე – მამუკა ხაზარაძესა (TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე) და ბადრი ჯაფარიძეზე (TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე) გასცეს.
პროკურატურის განცხდებით, 2008 წლის ბოლოს, TBC ბანკმა, ხსენებულ კომპანიებს აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოაწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა. ხოლო 2012 წელს კი, კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან საერთოდ გაათავისუფლა.
პროკურატურას ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებია. ორივე მათგანი მოწმის სახით დაიკითხნენ.
ეროვნული ბანკის ინტერვენცია
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სადავო ტრანზაქციის შესწავლა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წინასწარი მოკვლევის საფუძველზე 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. პროკურატურის მსგავსად, ეროვნულმა ბანკმა ამის შესახებ პირველი საჯარო განცხადება 2019 წლის იანვარში გააკეთა.
ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის ანგარიშების შესწავლა 2018 წლის ნოემბერში დაასრულა და მას 1.1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად კი ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები დაასახელა. რეგულატორმა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სადავო ტრანზაქციებთან დაკავშირებით წერილობითი განმარტებები მოსთხოვა.
პროკურატურისგან განსხვავებით, ეროვნულ ბანკს „ფულის გათეთრების“ შესახებ არ უსაუბრია და ყურადღება უფრო მსუბუქ – „ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის“ დარღვევაზე გაამახვილა. ეროვნულმა ბანკი მხოლოდ წერილობითი განცხადებებით შემოიფარგლა, საქმეზე ზეპირი განმარტებებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამან, შესაძლოა ფინანსური სექტორის სტაბილურობა დააზიანოს.
13 თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პასუხი არადამაკმაყოფილებელი იყო და აქციონერებს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გაწვევა მოსთხოვა. რეგულატორის განმარტებით, ამგვარი გადაწყვეტილება TBC-ის მმართველობით სტრუქტურას გააუმჯობესებს და მას ერთი ან ორი პირის არასათანადო გავლენისგან დაიცავს.
TBC ბანკმა და ეროვნულმა ბანკმა შეთანხმებას 21 თებერვალს, მას შემდეგ მიაღწიეს, რაც ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სამეთვალყურეო საბჭოდან წასვლის შესახებ განაცხადეს. ამავე შეთანხმების ფარგლებში, TBC ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და მასზე დაკისრებული 1.1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა.
TBC ბანკისა და მამუკა ხაზარაძის პასუხები
მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ თიბისი ბანკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ბანკმაც და მისმა დამფუძნებლებმაც ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ ტრანზაქციები კანონიერი იყო, ხოლო პროკურატურის ქმედება თიბისი ბანკის რეპუტაციის შელახვას და დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
TBC ბანკი და მისი დამფუძნებლები საკუთარი პოზიციის დაცვას განაგრძობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბანკის აქციების ფასმა კლება დაიწყო, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესრულება მოუწიათ და მათ თანამდებობები დატოვეს. TBC ბანკმა კი რეგულატორის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და სარჩელის და დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლო დავის დამოუკიდებლად გაგრძელებას გეგმავენ. განსხვავებით მათი ადრინდელი ფრთხილი განცხადებებისა, მათ პოლიტიკოსების და საჯარო მოხელეების მხრიდან „ორკესტრირებული შეტევის“, „შანტაჟის“ და „მუქარის“ შესახებ, ასევე ბანკის ხელში ჩაგდების მცდელობების შესახებ ღიად დაიწყეს საუბარი.
ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სადავო ტრანზაქციის შესახებ დამატებითი განმარტებებიც გააკეთეს და აღნიშნეს, რომ საქმე ეხება 2007 წელს ბანკის მცდელობას, ეროვნული ბანკის რეგულაციების დასაკმაყოფილებლად გაეზარდა ბანკის კაპიტალიზაცია, რათა კაპიტალიზაციის დონე მისი აქტივებისა და კრედიტების მაშინდელი ზრდის შესაბამისი ყოფილიყო. თიბისის დამფუძნებლების თქმით, 2007-2008 წლებში საქართველოს ეკონომიკა დინამიურად იზრდებოდა და ბანკის კაპიტალიზაციის გაზრდის მიზნით, მათ უცხოელი ინვესტორის მოძიება დაიწყეს.
მათი თქმით, უცხოელი ინვესტორის დასაინტერესებლად საკუთარი კაპიტალის (80 მილიონი დოლარის) მოძიებაც გახდა აუცილებელი, რისთვისაც მათ სესხები საქართველოში კერძო პირებისაგან აიღეს. მას შემდეგ, რაც 60 მილიონი კომპანიებისგან J.P. Morgan და Ashmore Group მოიძიეს, დანარჩენი 20 მილიონისთვის ქართველ ბიზნესპარტნიორებს მიმართეს, მათ შორის იყო Samgori Trade და Samgori M-ის მფლობელი ავთანდილ წერეთელი.
ხაზარაძე და ჯაფარიძე აცხადებენ, რომ წერეთელი, რომელიც მათი მეგობარი და დიდი ხნის ბიზნესპარტნიორია, მათთვის 16.7 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაზე დასთანხმდა. ისინი აცხადებენ, რომ მათ არ იცოდნენ, რომ ეს თანხა თავდაპირველად TBC ბანკისგან სესხის სახით იყო აღებული. მათივე განმარტებით, წერეთლის კომპანიებს TBC ბანკში 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი ჰქონდათ გამოყოფილი, რაც მას სესხის აღების პროცედურების გავლის გარეშე, ბანკიდან ნებისმიერ დროს თანხის აღების საშუალებას აძლევდა.
ხაზარაძისა და ჯაფარიძის თქმით, მათ იმის შესახებ, რომ ეს თანხა წერეთელმა TBC ბანკისგან ისესხა, მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიტყეს. ბანკის დამფუძნებლების განმარტებით, შეიარაღებულმა კონფლიქტმა ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, რასაც თითქმის 1 მილიარდი ლარის უიმედო ვალი მოჰყვა.
მათივე თქმით, TBC ბანკს უიმედო ვალის სახით სულ 200 მილიონი ლარი დაუგროვდა და ამაში წერეთლის ვალიც შედის. ბანკირების განცხადებით ეს თანხა ომის შემდგომი კორექტირების შედეგად ყველას ჩამოიწერა.
გავლენა ანაკლიის პორტის პროექტზე
TBC ბანკის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებასთან მიმართებით კითხვის ნიშნები გააჩინა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი 2.5 მილიარდი აშშ დოლარისღირებულების პროექტია, რომლის მთავარი პარტნიორი TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების უფლება 2016 წელს TBC ჰოლდინგისა და ამერიკული Conti INternational-ის ერთობლივმა კონსორციუმმა მოიპოვა. ანაკლიაში პირველი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო.
ხაზარაძე TBC ბანკის საქმეს ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირებს და აცხადებს, რომ გამოძიების მიზანი მისი და ჯაფარიძის პროექტიდან ჩამოშორებაა.
ხაზარაძე აცხადებს, რომ TBC ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები და მათ მიმართ წაყენებული ბრალდებები ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსების მობილიზებას ართულებს.
თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროექტს საფრთხე არ შეექმნება. თუმცა, მათი განცხადებები ბუნდოვანია: იმ დროს, როდესაც ბევრმა მათგანმა ანაკლიის პროექტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა, სხვებმა, მათ შორის ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსორციუმის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე მიანიშნეს და აღნიშნეს, რომ მან კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში სახსრების მოძიება ვერ შეძლო.
მუქარა შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან?
მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას ბანკის წინააღმდეგ „ორკესტრირებული შეტევის“ განხორციელებაშიადანაშაულებს და აცხადებს, 2018 წლის შუა პერიოდში, რომ ოთხმა სახელმწიფო უწყებამ ერთდროული და წინასწარ დაგეგმილი ინსპექტირებები დაიწყეს. ყველაზე სერიოზული ბრალდება მან შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას წაუყენა.
4 მარტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, ხაზარაძემ განაცხადა, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრისგან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მუქარის წერილი მიიღო. ხაზარაძის თქმით, თუ ის წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლობდა მას რეპუტაციის შელახვით ემუქრებოდნენ.
გიორგი გახარიამ ბრალდებას მალევე უპასუხა და განაცხადა, რომ ეს „პრივილეგირებული ბიზნესმენის“ მხრიდან „პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით“, „იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა“ იყო.
საკითხზე კომენტარი პროკურატურამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ხაზარაძის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი წერილი დოკუმენტის ასლია, რომელსაც რაიმე მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები არ გააჩნია, რის გამოც გადამოწმებისა და უტყუარობის დადგენა შეუძლებელია. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ერთგვერდიანი წერილის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ხაზარაძისგან რამდენიმე პუნქტის „უპირობო“ შესრულებას ითხოვენ.
ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ დაადასტურა, რომ ბიზნესმენმა წერილში მოცემული ერთ-ერთი პირობა შეასრულა და 2018 წლის 2 ნოემბერს საჯარო განცხადება გაავრცელა, სადაც მან ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის შესაძლო დაბრუნების საფრთხეებზე ისაუბრა.
ადვოკატმა ასევე განმარტა, რომ მართალია, ხაზარაძე წერილის სულისკვეთებას იზიარებს, ის მისი ნებით არ დაწერილა და რომ მისი მიზანი მხოლოდ თიბისი ბანკისა და ანაკლიის პროექტის დაცვა იყო.
მანვე აღნიშნა, რომ ხაზარაძემ წერილის თაობაზე რამდენიმე ახლობელს მოუყვა, მოგვიანებით კი, ამის თაობაზე ბიზნესმენების უფრო ფართო წრეს და უცხოელ ელჩებსაც აცნობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)