Site icon Civil.ge

საია: „სკოლებში ინსპექტირების მექანიზმს, სავარაუდოდ, საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მიზნით იყენებდნენ“

წყარო: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებში 2018 წელს ჩატარებული ინსპექტირების შესახებ მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს და წინასაარჩევნოდ ინსპექტირების მექანიზმის ხმების შესაძლო მობილიზებისთვის გამოყენებაზე მიუთითებს.

ორგანიზაციის მიერ 11 მარტს გამოქვეყნებული მოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს განათლების სამინისტროში საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც სამინისტრომ ინსპექტირება მხოლოდ 7 შემთხვევაში ჩაატარა. აქედან 6 საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის.

საიას განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ჩატარებული 6 ინსპექტირების დაწყების წინაპირობა, სამინისტროში იმავე წლის ნოემბერში წარდგენილი განცხადებები გახდა, საიდანაც 3-ზე ინსპექტირების გადაწყვეტილება მინისტრმა იმავე დღეს მიიღო. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განმარტავენ, რომ აღნიშნულ სკოლებში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაც მოხვდა.

ზუგდიდის მე-6 საჯაროს სკოლის ყოფილი დირექტორი ია კერზაია წინასაარჩევნოდ მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ მას მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციას სთხოვდნენ, რაზეც მან უარი განაცხადა.

ინსპექტირების სამსახურის მიერ დაწერილი დასკვნის შემდეგ, სადაც სამსახურმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს დირექტორის გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართა, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, მასზე განხორციელებული ზეწოლის შედეგი იყო.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ“, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის, თანახმად, სამინისტროში შესულ საჩივრებზე, როგორც წესი, ინსპექტირების სამსახური დამატებით ინფორმაციას იძიებს და განმცხადებელს დეტალების მიწოდებას სთხოვს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების ჩატარების საჭიროება არ იკვეთებოდა, რადგანაც სკოლის ინსპექტირების საფუძვლად გამოყენებულ განცხადებაში შესაძლო დარღვევების შესახებ „მხოლოდ ზოგად ეჭვებზე იყო მითითება და არა რაიმე კონკრეტულ ფაქტზე“.

„საიას“ განმარტებით, განათლების სამინისტროს მხრიდან მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის წინააღმდეგ შესული საჩივრის განხილვის სისწრაფე აჩენს ეჭვს, რომ წერილის შესწავლა არ მომხდარა სათანადოდ და მისი უმოკლეს ვადაში განხილვა, შესაძლოა, „მიზანმიმართული“, „წინასწარ დაგეგმილი პროცესი იყო“, რომლის მიზანიც, სავარაუდოდ, „სკოლის დირექტორზე (ირიბად სხვა სკოლის დირექტორებზე) პოლიტიკური ზეწოლის შესაძლო მოხდენა“ იყო.

„საია“ საქართველოს გენერალურ პროკურატურას ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, განათლების სამინისტროში ინსპექტირების საარჩევნო მიზნებისთვის შესაძლო გამოყენების ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდებს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ქალაქ ზუგდიდის მე-6 საჯაროს სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების დროს უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება მიმდინარე წლის 11 თებერვალს დაიწყო. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯარიმით, ექვსიდან თვიდან ორ წლამდე შინა პატიმრობით, ან/და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება და ამავე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)