Site icon Civil.ge

„კერზაიას საქმე“ – საარჩევნო დაპირისპირების მსხვერპლი?

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობა თბილისში, უზნაძის ქუჩაზე.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ქალაქ ზუგდიდის მე-6 საჯაროს სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების დროს უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიებასისხლის სამართლის კოდექსის“ 332- მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ამბავი მოკლედ

გასული წლის 9 დეკემბერს, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. მანამდე, ის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა. კერზაია ამბობდა, რომ მას მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციის გაწევას სთხოვდნენ.

„იყო ჩემთანაც ადამიანი, რომელმაც მითხრა, შენ გედავებიან იმას, რომ არა ხარ ოცნების აქტივისტი და ვინმე დაიხმარე, ზემდგომი ისეთი, რომელიც უნდა დაარწმუნო, რომ შენ გასწევ ამაზე აგიტაციას და იმუშავებ ოცნების ხმის მოსაგროვებლად, ზურაბიშვილის [სასარგებლოდ]“, – აცხადებდა ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში გარდაცვალებამდე.

სკოლის დირექტორი და მისი ოჯახის წევრები განმარტავდნენ, რომ კერზაიას მხრიდან აგიტაციაში ჩართვის უარის შემდეგ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ანონიმურ წერილზე რეაგირების მიზნით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის შესამოწმებლად ინსპექტირების სამსახური გაუშვა, სამსახურის მიერ დაწერილი დასკვნის შემდგ კი, სკოლის სამეურვეო საბჭოს დირექტორის გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართა. თუმცა, საბჭომ სამინისტროს მიერ დირექტორის გასათავისუფლებლად დასახელებული არგუმენტები არასაკმარისად მიიჩნია და ია კერზაიას გათავისუფლებაზე უარი განაცხადა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ოჯახის წევრების განცხადებით, ია კერზაიამ მასზე განხორციელებული ზეწოლის წნეხს ვერ გაუძლო, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესება გამოიწვია. 2 დეკემბერს ის ინსულტის დიაგნოზით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთკვირიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ, ის 9 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამბავი დეტალებში

გასული წლის 8 ნოემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ზუგდიდის მკვიდრის ლავრენტი ქირიას სახელით ზუგდიდის მე-6 სჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას წინააღმდეგ საჩივარი შევიდა. ქირია სკოლაში არსებული დარღვევების გამო, უწყებას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებდა.

ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტიდან ჩანს, რომ:

თემაზე „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებული ამავე სიუჟეტის მიხედვით, საჩივრის ავტორი ლავრენტი ქირია, მის მიერვე მითითებულ მისამართზე არ იძებნება. ჟურნალისტმა მას მითითებულ მისამართზე ვერ მიაგნო. ის ვერც მეზობლებმა გაიხსენეს. ლავრენტი ქირიაზე მონაცემები ვერც ზუგდიდის იუსტიციის სახლის მონაცემთა ბაზაში მოიძებნა.

ლავრენტი ქირიას არსებობის არც გარდაცვლილი ია კერზაიას შვილს ბაჩანა შენგელიას სჯერა. ის ეჭვობს, რომ ანონიმური საჩივარი უშუალოდ სამინისტროში დაიწერა და საჩივრის საფუძველზე ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების სამსახურის შესვლა წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.

„საქმე გვაქვს დანაშაულის დაფარვასთან, სისტემურ დანაშაულთან. ეს წერილი არის შედგენილი განათლების სამინისტროში, ხელმოწერილია იქვე კანცელარიაში, ჩაბარებულია ისევ მათ მიერ და ატვირთულია სისტემაში“, – განაცხადა მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში.

ანონიმური წერილის ავტორის მოძებნა პარტია ევროპულ საქართველოშიც სცადეს. დეპუტატ სერგი კაპანაძის განმარტებით, მან ლავრენტი ქირიას სახელზე, მის მიერვე მითითებულ მისამართზე საცდელად წერილიც გააგზავნა, თუმცა უკან დაუბრუნდა. პარტიაში ასევე ეჭვობენ, რომ სკოლაში ინსპექტირების სამსახურის სახით „ზონდერების ჯგუფის“ გაგზავნის მიზნით, საჩივრის წერილი უშუალოდ სამინისტროში დაიწერა. რის გამოც, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ უწყებას და მინისტრს ეკისრება.

განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახური ზუგდიდის საჯარო სკოლაში 2018 წლის 9 ნოემბერს, სამინისტროში შესული წერილიდან მეორე დღესვე შევიდა და დასკვნაც მალევე დადო (დაახლოებით ორ კვირაში).

სკოლის ერთკვირიანი ინსპექტირების შემდეგ (9-15 ნოემბერი), ინსპექტირების სამსახურმა ზუგდიდის მე-6 საჯაროს სკოლაში შემდეგი ხარვეზები გამოავლინა:

დასკვნის მიხედვით, ინსპექტირების სამსახურმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში დარღვევები სკოლის მიერ ქონების მესამე პირზე გაცემის კანონიერების, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კანონიერების, ქონების მოვლა-პატრონობა აღრიცხვის და ადმინისტრაციული საქმიანობის მიმართულებითაც აღმოაჩინა.

ინსპექტორის სამსახურის მიერ დასკვნაში აღწერილ ყველა შენიშვნაზე სკოლის მხრიდან შესაბამისი ახსნა-განმარტებების მიუხედავად, ინსპექტირების სამსახურმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლისთვის წერილობით გაფრთხილების და სკოლის დირექტორის, ია კერზაიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის რეკომენდაცია გასცა.

მინისტრი პარლამენტში

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინიტრისგან მიხეილ ბატიაშვილისგან შესაბამის განმარტებების მიღების მიზნით, მის პარლამენტში მისვლას ითხოვდა. ბატიაშვილს პარლამენტში 7-8 თებერვალს მოუსმინეს. მთლიანად კერზაიას საქმის განხილვას დაეთმო 7 თებერვალს განათლების კომიტეტის სხდომაც, რომელსაც გარდაცვლილი დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელიაც ესწრებოდა.

მინისტრს საპარლამენტო უმცირესობის არაერთ კრიტიკულ და მწვავე კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა. ოპოზიციის წარმომადგენლები განათლების სამინისტროს სისტემის პოლიტიზებასა და პედაგოგების პოლიტიკურ ნიშნით დევნაში ადანაშაულებდნენ.

საპირისპიროს მტკიცებას ცდილობდა განათლების მინისტრი. მან ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხი კატეგორიულად გამორიცხა და ოპოზიციას თემით სპეკულირებისგან თავის შეკავება ურჩია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიმართულებით წავა გამოძიება და დაიკითხება თუ არა საქმეზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიც. ოპოზიცია მომხდარზე პასუხისმგებლობას სწორედ მას აკისრებს. ბრძოლის შეწყვეტას არც გარდაცვლილის ოჯახი გეგმავს და ის საგამოძიებო უწყებისგანსაქმეზე დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს“.

ყველა სამართლებრივ გზას აუცილებლად ამოვწურავ, დაველოდები გამოძიებას, ოღონდ მაქსიმუმ ერთი თვე, ვინაიდან ეს არის საკმარისზე მეტი დრო საქმის სრულად და ობიექტურად გამოსაძიებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში მზად ვართ მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი, თუნდაც უკიდურესი ფორმისთვის“, – წერს ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია Facebookის საკუთარ გვერდზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სკოლების ინსპექტირებაზე

11 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებში 2018 წელს ჩატარებული ინსპექტირების შესახებ მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც წინასაარჩევნოდ ინსპექტირების მექანიზმის საარჩევნო პროცესში ხმების მობილიზებისთვის შესაძლო გამოყენებაზე საუბრობს.

ანგარიშში გასული წლის ნოემბერში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების ფაქტიც მოხვდა, რასაც სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალება მოჰყვა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ“, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის, თანახმად, სამინისტროში შესულ საჩივრებზე, როგორც წესი, ინსპექტირების სამსახური დამატებით ინფორმაციას იძიებს და განმცხადებელს დეტალების მიწოდებას სთხოვს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების ჩატარების საჭიროება არ იკვეთებოდა, რადგანაც სკოლის ინსპექტირების საფუძვლად გამოყენებულ განცხადებაში შესაძლო დარღვევების შესახებ „მხოლოდ ზოგად ეჭვებზე იყო მითითება და არა რაიმე კონკრეტულ ფაქტზე“.

„საიას“ განმარტებით, განათლების სამინისტროს მხრიდან მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის წინააღმდეგ შესული საჩივრის განხილვის სისწრაფე აჩენს ეჭვს, რომ წერილის შესწავლა არ მომხდარა სათანადოდ და მისი უმოკლეს ვადაში განხილვა, შესაძლოა, „მიზანმიმართული“, „წინასწარ დაგეგმილი პროცესი იყო“, რომლის მიზანიც, სავარაუდოდ, „სკოლის დირექტორზე (ირიბად სხვა სკოლის დირექტორებზე) პოლიტიკური ზეწოლის შესაძლო მოხდენა“ იყო.

ამავე ანგარიშში, საია აღნიშნავს, რომ 2018 წელს განათლების სამინისტროში საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც სამინისტრომ ინსპექტირება მხოლოდ 7 შემთხვევაში ჩაატარა. აქედან 6 – საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის.

„საია“ საქართველოს გენერალურ პროკურატურას ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, განათლების სამინისტროში ინსპექტირების საარჩევნო მიზნებისთვის შესაძლო გამოყენების ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდებს.

რატომაა საკითხი მნიშვნელოვანი?

მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ოპოზიცია მმართველი გუნდის მხრიდან მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მიუთითებდა. მათ შორის, ისინი საჯარო სკოლების პედაგოგებისა და ბაღების აღმზრდელებისთვის სპეციალური ინსტრუქციების მიცემაზეც საუბრობდნენ, რაც მათი მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მხარდამჭერთა სიების შედგენასა და აგიტაციაში გამოიხატებოდა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებშიც აისახა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით დაფიქსირებული ხარვეზების სათანადო რეაგირებისა და სამართლებრივ კონტექსტში გადატანის მზაობა არ ჩანს. ეს კი თავის მხრივ, მოქალაქეებში სახელმწიფოს მიმართ უნდობლობისა და თავისუფალი პოლიტიკური არჩევნის გაკეთებისას დაუცველობის განცდას ქმნის, რაც ხელისუფლებას მოწყვლად ჯგუფებზე საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, კიდევ უფრო მეტი გავლენის მოხდენის ბერკეტს აძლევს.

This post is also available in: Русский (რუსული)