Site icon Civil.ge

საქართველო ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთთან ურთიერთობის შესახებ

ფოტო: facebook.com/europeanparliament

ევროპარლამენტმა გუშინ ევროკავშირი-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობების არსებული მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ „არსებულ ვითარებაში რუსეთი ვეღარ ჩაითვლება „სტრატეგიულ პარტნიორად“ და მასში რუსეთთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გადახედვაზეა საუბარი.

რეზოლუცია რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის და კონვენციების დარღვევების გრძელ სიას მოიცავს და ის შემთხვევებიც არის ჩამოთვლილი, სადაც რუსეთი საერთაშორისო სისტემის სტაბილურობას აზიანებს და ევროკავშირს, მის წევრებს და მეზობელ სახელმწიფოებს პირდაპირ ემუქრება.

რეზოლუციაში საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილია ასახული.

მისი შესავალი ნაწილი ევროპარლამენტის 2018 წლის 14 ივნისის რეზოლუციას ეყრდნობა, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა დაგმობილი.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი „პირდაპირ ან არაპირდაპირ არის რიგი გაჭიანურებული კონფლიქტების მონაწილე საერთო სამეზობლოში – დნესტრისპირეთში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, დონბასსა და მთიან ყარაბაღში, რაც მეზობელი ქვეყნების განვითარებას და სტაბილურობას სერიოზულად აფერხებს, ძირს უთხრის მათ დამოუკიდებლობას და მათ სუვერენულ არჩევანს ზღუდავს“.

რეზოლუცია ასევე გმობს რუსეთის მიერ საქართველოს და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რაც საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიული პრინციპების და ფუნდამენტური ღირებულებების მიზანმიმართული დარღვევაა. ასევე, გმობს რუსეთის წარმომადგენლების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებს.

ევროპარლამენტი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ევროპარლამენტი რუსეთის ფედერაციას ასევე მოუწოდებს, რომ უპირობოდ და სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა დებულება და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

რეკომენდაციების ნაწილში, ევროპარლამენტის რეზოლუცია ხაზს უსმავს იმ საფრთხეს, რაც სანქციების შესუსტებას შეიძლება მოჰყვეს, თუ რუსეთი არ აჩვენებს მკაფიო ქმედებებით და არა მხოლოდ სიტყვებით, რომ ის პატივს სცემს ევროპის საზღვრებს, მისი მეზობლების და სხვა ერების სუვერენიტეტს, ასევე საერთაშორისო წესებს და შეთანხმებებს.

რეზოლუცია იმეორებს, რომ რუსეთს ევროპული ქვეყნების ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე ვეტოს უფლება არ აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)