საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ კრწანისის სასწავლო ცენტრში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა შორის მომხდარი ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
თავდაცვის სამინისტროს მიერ 15 მარტს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალი უახლოეს საათებში წარედგინებათ. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე კი, საქალაქო სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.
მომხდარს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიამაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინციდენტში „არავითარი მონაწილეობა ოფიცრებს არ ჰქონიათ, ეს მოხდა წვევამდელებს შორის“.
„ორმა წვევამდელმა სხვა წვევამდელებზე განახორციელა ფიზიკური ზეწოლა და ასევე ამ ფიზიკური ზეწოლის შედეგად სურდათ სახელფასო ბარათების მოპოვება. როგორც კი ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ, სულ რაღაც ერთ დღეში მყისიერად ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები, დავადგინეთ რეალურად რა მოხდა და დროულად მოხდა იმ პირების დაკავება, ვისაც ამ დანაშაული ჩადენაში მიუძღვის ბრალი“, – განმარტა მან.
მაშინ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი ბაზერაშვილი „რუსთავი 2“-თან საუბარში აცხადებდა, რომ საქმეზე ახალწვეულის მიერ დასახელებული სერჟანტი გამოიკითხა, რომელმაც წაყენებული ბრალდებები კატეგორიულად უარყო. მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თანხის გამოძალვის ფაქტი არ დასტურდებოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)