15 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა გამშვები პუნქტი გახსნა.
დღეს ეს ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა Twitter-ზე დაადასტურა და აღნიშნა, რომ „გამშვები პუნქტები ჩაკეტვიდან ორი თვის თავზე გაიხსნა და ადამიანებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადასვლა შეუძლიათ“.
ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ საქართველოში „ღორის გრიპის გავრცელების“ მოტივით, დანარჩენ საქართველოსთან რეგიონის დამაკავშირებელი ყველა გამშვები პუნქტი 11 იანვარს დახურა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამშვები პუნქტების გახსნის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება მიმდინარე კვირის დასაწყიში გაავრცელა და ამის მიზეზად „საქართველოში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია“ დაასახელა.
იმავე მოტივით, ანალოგიური შეზღუდვები სოხუმმაც დააწესა. შეზღუდვები ერთი თვის წინ მოიხსნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)