წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ სასამართლო სამედიცინო ექსტერტმა ირაკლი თოიძემ განაცხადა, რომ საქართველოს 29 წლის მოქალაქეს ირაკლი კვარაცხელიას, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში აფხაზეთში გარდაიცვალა, სხეულზე სტრანგულაციური ღარი და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა.
თოიძემ, რომელიც ცენტრის სახელით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულ წინასწარ ექსპერტიზას დაესწრო, 15 მარტს მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ კვარაცხელიას სხეულს სტრანგულაციური ღარი კისრის მიდამოებში აღენიშნებოდა, რაც, მისი თქმით, „დამახასიათებელია ჩამოხრჩობისთვის თოკით ან მავთულით, რომელიც ტოვებს ასეთ კვალს“.
მან ასევე აღნიშნა, რომ აღინიშნებოდა სისხლჩაქცევები კისრის არეში, მარჯვენა მხარზე და მარცხენა იდაყვზე, რაც, მისი თქმით, შესაძლოა, კვარაცხელიას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე იყო მიყენებული.
„მათი წარმოშობის გარკვევა ცოტა საეჭვო იყო, იმიტომ, რომ გვამი უკვე ლპობაში იმყოფებოდა და ამიტომ აღებული იქნა გვამური მასალა ამ მიდამოებიდან და გადაგზავნილი ლაბორატორიაში და ისინი მოგვცემენ პასუხს ეს სიცოცხლისდროინდელია, თუ სიკვდილის შემდეგ არის განვითარებული“, – განაცხადა მან.
თოიძის თქმით, ცხედარს ძვლების მოტეხილობები არ აღენიშნებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ კვარაცხელიას სხეულზე ასევე არ შეინიშნებოდა ელექტროშოკის გამოყენების ნიშნები, როგორც ამის თაობაზე ზოგიერთი მედიასაშუალება საუბრობდა.
კითხვაზე მიანიშნებდა თუ არა ეს მტკიცებულება თვითმკვლელობაზე, თოიძემ განაცხადა, რომ გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი დაახლოებით ერთ თვეში, მას შემდეგ დადგინდება, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსტერტიზა დასრულდება.
რუსეთის პასუხისმგებლობა
15 მარტს გამართულ ბრიფინგზე ცენტრ „ემპათიის“ დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ კვარაცხელიას გარდაცვალება „დიდი ალბათობით“ აფხაზეთში მდებარე რუსულ ბაზაზე, მისი დაკავებით დროს, არაადამიანური მოპყრობის შედეგია.
„იყო ეს ადამიანის მკვლელობა, თუ სუიციდი, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სუიციდს წინ უძღოდა რაღაც, რამაც ადამიანი მიიყვანა ამ ზომამდე. შესაბამისად, სამართლებრივად, ეს არის საერთაშორისო სტანდარტების და გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა“, – აღნიშნა მან.
„ჩვენ ამ საქმეს შევიტანთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუ რუსეთის მხარე არ მიიღებს მონაწილეობას გამოძიებაში და არ მოახდენს დამნაშავე პირების იდენტიფიცირებას და მათ დასჯას“, – დასძინა ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, ცენტრი „ემპათია“ საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, სტამბოლისა და მინესოტას ოქმების შესაბამისად კომპლექსურ-კომისიურ ექსპერტიზას ჩაატარებს.
საქართველოს ხელისუფლება, მედია და საზოგადოება მოვლენების ამგვარ განვითარებას სკეპტიკურად უყურებს. ამის მიზეზი წინა ინციდენტებია, რა დროსაც ცხინვალში პატიმრობის დროს არჩილ ტატუნაშვილი, ხოლო აფხაზეთთან საოკუპაციო ხაზის მახლობლად გიგა ოთხოზორია დაიღუპნენ. ეჭვმიტანილები არცერთ შემთხვევაში გაუსამართლებიათ.
კვარაცხელიას ახლობლებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, შესაძლოა, ის რუს სამხედროებთან დაპირისპირების შემდეგ, ცემის შედეგად გარდაიცვალა. კვარაცხელიას ოჯახი ამ ვერსიას იზიარებს და აცხადებს, რომ მის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები სიკვდილამდე მის წამებაზე მიანიშნებს.
ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას 13 მარტს გადმოსცეს. ის სენაკის მუნიციპალიტეტში დაკრძალეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)