2018 წლის დეკემბერში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა 19 მარტს ცენტრალურ ტელეარხს პირველი ინტერვიუ მისცა.
ტელეკომპანია „პირველთან“ 90-წუთიან ინტერვიუში ზურაბიშვილმა პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება და რიგ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც შეეხო. ქვემოთ მისი ინტერვიუს ძირითადი თემების შეჯამებაა მოცემული.
ივანიშვილთან ურთიერთობები
ჟურნალისტის თხოვნაზე, რომ მასსა და ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შორის არჩევნების შემდეგ არსებულ ურთიერთობებზე ესაუბრა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ივანიშვილს ხშირად ხვდება, თუმცა არა პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ როგორც თავისუფალი ადამიანი.
„კონსულტაციები არ ჩამიტარებია არავისთან. პირველ დღესვე არჩევნების მერე, ივანიშვილმა მითხრა მოლოცვასთან ერთად, რომ იცოდეთ, რომ თქვენ ხართ დამოუკიდებელი, იქნებით დამოუკიდებელი და არ თვლიდეთ, რომ რაიმე ვალდებულება გაქვთ, რისთვისაც მე ძალიან მადლობელი ვარ. ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა და თუ შეიცვლება, მეც შევიცვლები, ალბათ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
საპრეზიდენტო არჩევნები
სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების შესახებაც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მან „სრულიად ევროპული“ კამპანია ჩაატარა, თუმცა მას ოპოზიციის ნეგატიური კამპანია დაუპირისპირდა.
კითხვაზე იყო, თუ არა ქართული ოცნების წინასაარჩევნო რიტორიკა მისი კამპანიის შესაფერისი, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი პირადი კამპანია „უფრო რბილი და ევროპული“ იყო, ვიდრე მმართველი პარტიის.
„ჩემი კამპანია იყო სრულიად ევროპული, ეს იყო სრულიად ჩემი პასუხისმგებლობა. მე ვერ ვმართავ სხვა პოლიტიკურ ძალებს, თუმცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მხარს მიჭერს. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, რა ტერმინებით საუბრობენ და ტერმინებით პასუხობენ იმ შეტევებს, რომლებიც იყო მეორე მხარეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ის საპრეზიდენტო არჩევნების საერთაშორისო შეფასებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დასკვნები კრიტიკული იყო, თუმცა არა საგანგაშო. „მთავარი ისაა, რომ არსად არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმული არჩევნები… ის, რომ ხარვეზები იყო, ალბათ, უნდა ვაღიაროთ და გამოვასწოროთ და ის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია მომავლისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
აშშ-ის 2018 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშზეც ისაუბრა.
„ფაქტია, რომ არის კრიტიკული შეფასებები, მაგრამ ასევე ფაქტია, რომ ქვეყნიდან ნეგატიური ინფორმაცია გადის. ვიტყოდი, რომ ალბათ, ჩვენი საელჩოები ნაკლებად აქტიურები არიან, რომ წარადგინონ საპირწონე შეფასებები“, – განაცხადა მან.
„ეს არის გადაჭარბებული, პოლიტიზებული ინფორმაცია და ყველამ იცის ამ ქვეყანაში, რომ სისტემატურად გადის ნეგატიური ინფორმაცია. ან ნეგატიური ინფორმაციის საფუძველი არსებობს, იდეალური ქვეყანა რომ არ ვართ, ეს ყველამ ვიცით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ მართალია, იყო ხარვეზები, თუმცა არც ისეთი სერიოზული, როგორც ეს ანგარიშებშია აღწერილი.
მოსკოვთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობები
სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ არჩევნების წინ გაკეთებულ სადავო განცხადებებზეც ისაუბრა, სადაც მან ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ომის [2008 წლის] ნაწილის“ დაწყებაში დაადანაშაულა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომი რუსეთის ფედერაციამ დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლით, თუმცა გაიმეორა, რომ სააკაშვილმა ცხინვალის „დაბომბვით“ შეცდომა დაუშვა.
„[მან] დაბომბა ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი… მე ამას ვთვლი როგორც შეცდომად და არა როგორც საქართველოს პასუხისმგებლობას ომში, ეს არის განსხვავება… ეს არ არის საქართველოს დადანაშაულება, რადგანაც ომზე პასუხისმგებელია ის ქვეყანა, რომელიც გადმოვიდა საზღვარზე, ჩვენ არ გადავსულვართ საზღვარზე“, – განაცხადა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე, ადანაშაულებდა თუ არა ის სააკაშვილს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში, ზურაბიშვილმა განაცხადა: „სააკაშვილმა დაბომბა ჩვენი ტერიტორია 7 აგვისტოს ღამე და ეს არის ის დანაშაული, რომელიც პრეზიდენტის და ჩვენი გასარჩევია შიგნით.
„მშვიდობიანი მოსახლეობა წინა დღეს იყო გაყვანილი, რაზეც უნდა დავფიქრებულიყავით, რა ხდებოდა იმ დროს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
„აქ არის ძალიან ბევრი პოლიტიკური შეცდომები, რომლებიც გვეხება ჩვენ როგორც ქვეყანას, როგორც სახელმწიფოს, და ჩვენ ვერ წავალთ წინ, თუ არ გვეცოდინება შიგნით რა შეცდომები დავუშვით“, – აღნიშნა მან.
კითხვაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ქართველების უსაფრთხოების დასაცავად, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ვერ გაამაგრებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას დამატებითი სამხედრო ძალით, რადგანაც ეს საოკუპაციო ხაზს საზღვრად აქცევს. პრეზიდენტის თქმით, მეტი საერთაშორისო ჩართულობაა საჭირო იმისათვის, რომ მოსკოვმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობას ვერ ხედავს. „არ ვგეგმავ და არც შეიძლება რომ დაიგეგმოს ასეთი დიალოგი“, – განაცხადა მან.
„ასეთი შეხვედრა თუ და როცა შედგება, უნდა იყოს მომზადებული რაღაცით… თუ რუსეთმა არ გვაჩვენა რაღაც ნიშნებით, თუნდაც ბორდერიზაციაზე, რომ შეჩერდა, რომ აღარ არის გატაცებები, პროვოკაციები, თუ პირველი ნიშნები არ გაჩნდა, რომ რაღაც სხვა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს რუსეთს, რა აზრი აქვს დიალოგს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის როლი, სხვა საკითხები
პრეზიდენტმა უარი თქმა კომენტარი გაეკეთებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის, ასევე მმართველ პარტიაში არსებული უთანხმოების საკითხებზე და აღნიშნა, რომ ეს თემები მისი, როგორც უპარტიო პრეზიდენტის, მანდატს სცილდება.
„პრეზიდენტი უნდა იყოს ყველას პრეზიდენტი და არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის პრეზიდენტი… ქვეყანას სჭირდება გაწონასწორებული პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკური პარტიების და მათი ყოველდღიური ჭიდილის ზემოთ დგას… ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც არ არის მიკერძოებული რომელიმე მხარის მიმართ“, – განმარტა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა მისი გერის მრჩევლად დანიშვნის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ნებისმიერ ოფიციალურ პირს სჭირდება ადამიანი ადმინისტრაციაში, რომელიც იქნება „სრულიად სანდო“. „ნებისმიერ პრეზიდენტს მსოფლიოში ჰყავს თავის უახლოეს გარემოცვაში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც არის მისთვის სრულიად სანდო და ასეთი ადამიანი მყავს და ამას ძალიან თავისუფლად გავიმეორებ“, – დასძინა პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)