Site icon Civil.ge

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკს ქმნიან

კადრი: ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ვიდეოდან

პარტია „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მთაწმინდის შუალედური არჩევნებისთვის ერთ ბლოკად ერთიანდებიან და მაჟორიტარობის საერთო კანდიდატს წარადგენენ.

აღნიშნულის შესახებ დღეს, პარტიებს შორის გამართული კონსულტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განმარტებით, მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში გაერთიანებული ბლოკის სახელით კენჭს „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე იყრის. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში საჭირო ცვლილებების „პირველი მერცხალი“ სწორედ ის იქნება.

„ჩვენ არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ თანამშრომლობა არის საფუძველი მომავალი განვითარების“, – განაცხადა უგულავამ და იქვე დასძინა, რომ „ის შუღლი, გაუტანლობა, ბოროტება, რასაც თესავს ქართული ოცნება ყოველდღიურად, უნდა დასრულდეს“.

„ჩვენ იმედი გვაქვს და ჩვენ ვიბრძოლებთ, სწორედ მთაწმინდაზე, შუალედურ არჩევნებში მოხდება ეს და მოხდება ბატონი შალვა შავგულიძის გარშემო, მისი ბრძოლით და ყველას ერთობლივი თანადგომით“, – აღნიშნა მანვე.

„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის შალვა შავგულიძის განმარტებით, ეს იქნება „პოლიტიკური, სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისი, რომელიც დაეფუძნება საერთო ღირებულებებს და მიზნებს“.

„[ესენია]ავტორიტარული მმართველობის დაუშვებლობა, სამართლის უზენაესობის დამკვიდრება, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის რეალური მექანიზმების ამოქმედება, ქვეყნის მართვა კონსტიტუციურ კონტროლს დაქვემდებარებული მცირე, მაგრამ ეფექტიანი მთავრობის მეშვეობით, ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვა, ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის განხორციელება“, – განაცხადა შავგულიძემ.

მისი თქმით, ყველას ვალდებულებაა, რომ მომავალ თაობას, „მშვიდობიანი და უსაფრთხო, დემოკრატიული, სამართლიანი და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო დაუტოვოს“. „ეს არის ის, რამაც გაგვაერთიანა ერთ პოლიტიკურ ბლოკად და რამაც გადაგვაწყვეტინა, რომ კვლავაც გავაგრძელოთ პოლიტიკური თანამშრომლობა მომავალში“, – განმარტა მანვე.

პარტიების ლიდერების განმარტებით, შუალედური არჩევნებისთვის თანამშრომლობის საკითხზე კონსულტაციები სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთანაც მიმდინარებს და სტრატეგიული შეთანხმებები უკვე მიღწეულია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 19 მაისს ჩატარდება.

  • შალვა შავგულიძე პროფესიით იურისტია და მას პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის თანამდებობა 2017 წლის თებერვლიდან უკავია.
  • 2012-2016 წლებში ის საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ის პარლამენტში საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ სახელით, ვაკის მაჟორიტარული ოლქის კვოტით შევიდა.
  • 2014 წელს ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. მათ შორის იყო შალვა შავგულიძეც.
  • წინა ხელისუფლების დროს, შალვა შავგულიძე სასამართლოში სანდრო გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს იცავდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)