Site icon Civil.ge

სტოლტენბერგი საქართველოს ლიდერებს ხვდება და ნატო-საქართველოს თანამშრომლობას მიესალმება

იენს სტოლტენბერგი და მამუკა ბახტაძე, 25 მარტი, 2019, ფოტო: facebook.com/GeorgianGovernment

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 24-25 მარტს საქართველოს სტუმრობს. დღეს ის პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად, ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და შავის ზღვის უსაფრთხოება განიხილა.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო ალიანსის „გამორჩეული პარტნიორი“ და „ჩვენი საერთო უსაფრთხოების სანდო კონტრიბუტორია“.

„საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია მნიშვნელოვან რეფორმებში, მათ შორის, გააძლიერა პარლამენტის როლი უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის თვალსაზრისით და სასამართლო სისტემის რეფორმა განახორციელა. მოხარული ვარ, გავიგო, რომ ეს ძალისხმევა გაგრძელდება“, – განაცხადა მან.

სტოლტენბერგი მიესალმა საქართველოს წვლილს ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და ნატოს რეაგირების ძალებში. მან ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე ნატო-საქართველოს სწავლებები „იმის დასტურია, რომ ჩვენი თანამშრომლობა ფართოვდება“.

მან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ნატოს „სრული მხარდაჭერა“ კიდევ ერთხელ გამოხატა და მოსკოვს მოუწოდა, რომ „შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი იზიარებს საქართველოს წუხილებს „რუსეთის სამხედრო ძალის ზრდაზე შავი ზღვის რეგიონში“. „სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალებს შორის“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ალიანსი „საქართველოს ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად მუშაობას განაგრძობს“.

კითხვაზე საქართველოს გაწევრიანების გადავადება ნიშნავს თუ არა კრემლის ვეტოს ამ საკითხზე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მას აქვს უფლება საკუთარი გზა თავად აირჩიოს, მათ შორის ის, თუ რა ტიპის უსაფრთხოების მექანიზმებში სურს მონაწილეობა“.

„რეალობა ისაა, რომ სწორედ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა სურს და შემდეგ 29 მოკავშირემ უნდა გადაწყვიტოს, როდის ვიქნებით მზად თქვენს მისაღებად. ამ პროცესში სხვას სიტყვის უფლება არ აქვს“, – დასძინა მან.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები „ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა“ და რომ სტოლტენბერგის ვიზიტი თბილისში „კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას“.

„ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, რომ გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ „ჩვენი არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს გახლავთ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი“.

ბახტაძის თქმით, საქართველო განაგრძობს ნატოში ინტეგრაციის გზას. „ჩვენ გვესმის, რომ ბუნებრივია ერთ დღეში ვერ მოხდება გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ძალიან ძლიერი გზავნილები, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი… მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეს პრინციპული გადაწყვეტილება, აუცილებლად დადგება დღე და გახდება რეალობა“, – აღნიშნა მან.

დღესვე ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ის ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსაც ესტუმრა. მოგვიანებით, სტოლტენბერგი პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესაც შეხვდება
.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)